“რა კომენტარი უნდა გავაკეთო, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო…” – ასე აფასებს უსაფრთხოების ექსპერტი ამირან სალუქვაძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.
პოსტპანდემიური სახელმწიფო ვიზიტები, ლავროვის კონცეფცია კოსოვოზე, აშშ-ევროპის ომი, ჩინეთ-ინდიოეთის ინციდენტი… ამ პატარა ნააზრევით, უცებ გაიგებთ რა ხდება მსოფლიოში.
“შემოვუფრინოთ მსოფლიოს, გავფცქვნათ გლობალური პოლიტიკა (ღიმილი).
დაიწყო პოსტპანდემიური სახელმწიფო ვიზიტები: მაკრონი ბრიტანეთს ეწვია, ლავროვი სერბეთს.
მაკრონმა და პრინცმა ჩარლზმა დე გოლს მიაგეს პატივი, რომლის ცნობილი მიმართვის 80 წლისთავი აღნიშნეს.
ისე, დე გოლსაც არ მოუგონონ რაიმე?!
ლავროვი ისევ კოსოვოს “უჩხიკინებს” და კოსოვოს დამოუკიდებლობის კონცეფციის კრახის შესახებ განაცხადა. აფხაზეთის და ცხინვალის კრემლისეული კონცეფცია, ალბათ, წარმატებულად ეჩვენება?!
აშშ-ევროპას შორის ისევ გრძელდება საგადასახადო ომი ციფრულ გიგანტებთან მიმართებაში.
ჩინეთ-ინდიის ბოლო ინციდენტთან დაკავშირებით, მოკლე შეფასებაა:
სამხედრო კონფლიქტში არ გადაიზრდება. ომი არცერთს უნდა. ამ ინციდენტის დროს სროლასაც არ ჰქონია ადგილი. ხელჩართულ დაპირისპირებაში შევიდნენ. თუ განცხადებებს გავაანალიზებთ, წინასაომარ რიტორიკასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. მით უმეტეს, ჩინეთის სტრატეგია ომს არ ითვალისწინებს. თავიდან ისე გაშუქდა, პლუს მსხვერპლიდან გამომდინარე, თითქოს სერიოზულ სამხედრო შეტაკებასთან გვქონდა საქმე. ხელჩართულ შეტაკებებში 2 ათეულზე მეტი როგორ დაეღუპათ, ესაა გასაკვირი. დაძაბავს დიპლომატიურ, შესაძლოა ეკონომიკურ ურთიერთობებს. სხვა მოლოდინი არ მაქვს. თუმცა, ამ ორი გიგანტი სახელმწიფოს ურთიერთობების, მ.შ. ეკონომიკური თანამშრომლობის დაძაბვა, გლობალურ პოლიტიკაზეც ჰპოვებს ასახვას. ჩინეთი და ინდოეთი ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები არიან.
აშშ-ში შიდა არეულობებს ტრამპი-ბოლტონის სკანდალი დაემატა, უკანასკნელის მიერ წიგნის გამოცემის გამო, რომელიც ტრამპის განცხადებით, საიდუმლო ინფორმაციებს შეიცავს. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ წიგნის გამოცემის შეჩერება მოითხოვა.
ისე, არ მიყვარს, როცა თანამდებობიდან მიდიან და იმწამს იწყებენ შიდა სამზარეულოს გამზევრებას. ყველაფერს თავისი დრო აქვს, მ.შ. მემუარებსაც.
კომპანიებმა Uncle Ben’s და Aunt Jemima, ანტირასისტული მოძრაობების გამო, განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში შეცვლიან სახელწოდებებს და ლოგოტიპებს.
რა კომენტარი უნდა გავაკეთო, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო…” – წერს ამირან სალუქვაძე.