LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა: საქართველოს წითელი ჯვარი ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს – რა საკითხებს განიხილავენ

423
წიტელი კჯვარი

წითელი ჯვრის არსებობის ისტორიაში პირველად, ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს წითელი ჯვარი მასპინძლობს.

კონფერენციას 53 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა ეროვნული საზოგადოება საქართველოში ერთდროულად ჩამოვა.

კონფერენციას დამატებით მნიშვნელობას სძენს რეგიონში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მდგომარეობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დრამატულად შეიცვალა.

COVID-19 -მა თითქმის ორი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მიგრაციისა და იძულებით გადაადგილების მასშტაბები კრიტიკულად იზრდება. კლიმატის ცვლილება კი რეგიონის მასშტაბით ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, რომლის შედეგადაც მილიონობით ადამიანს უწევს იძულებით გადაადგილება და საჭიროებს მყისიერ ჰუმანიტარულ თანადგომასა და დახმარებას.

 

როგორც ყოველთვის, წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე ყველა ამ გამოწვევის წინა ხაზზე დგას და ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

წითელი ჯვრის მე-11 რეგიონული კონფერენცია საქართველოში ტარდება, რაც საქართველოს წითელი ჯვრისთვის დიდი პატივი და წარმატებაა. კონფერენციაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის ეროვნული წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ლიდერები შეიკრიბებიან და განიხილავენ რეგიონის ყველაზე კრიტიკულ ჰუმანიტარულ კრიზისებთან გამკლავების გზებს.

3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში მოწვეული სტუმრები შეაჯამებენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. გარდა ამისა, განიხილავენ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათთან გამკლავების ეფექტურ სტრატეგიებს.

 

კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან:

ფრანჩესკო როკა– წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი.

დოქტორ კერემ კინიკი- თურქეთის წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი და საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

ბირგიტა ბიშოფ ებესენი– ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი

ნათია ლოლაძე- საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ რუსეთ -უკრაინის კონფლიქტის გამო მილიონობით ადამიანი მიგრანტი გახდა და ამ შემთხვევაში წითელი ჯვრის მიზანია, არც ერთი მათგანი არ დარჩეს ყურადღების მიღმა და ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გადანაწილდეს თანაბრად.

 

ასევე გაჟღერდა კითხვა, რატომ გადაწყდა, რომ მაინცდამაინც საქართველოში ჩატარებულიყო კონფერენცია, რაზეც ნათია ლოლაძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება საბჭომ ერთხმად მიიღო, რაც საქართველოს პასუხისმგებლობას ზრდის.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება სამი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები:

● მიგრაცია
● COVID-19
● კლიმატის ცვლილება

კონფერენცია თბილისში, სასტუმრო შერატონში ჩატარდება  და სამი დღის განმავლობაში, 26-დან 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

 

magti 5g