LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩარაზული კარები არის სიმბოლო, თუ როგორ უყურებს „ოცნება“ ევროპულ პერსპექტივებს“ – ოპოზიციის თქმით, უმრავლესობამ რიგგარეშე სესიაზე უარი, კონსტიტუციის დარღვევით თქვა

85
Fortuna.ge (16)

პარლამენტის რიგგარეშე სესია აღარ გაიმართება. როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ითქვა, არ არსებობს დღის წესრიგი, შესაბამისად სხდომა ვერ ჩატარდება.

ამის საპასუხოდ ოპოზიციამ მმართველ გუნდი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რიგგარეშე სესიაზე გასატანი დღის წესრიგი განსაზღვრული იყო.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით სტრატეგიული მარცხი განიცადა.

„ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი, იმიტომ რომ, ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ასევე დასავლელი პარტნიორების თვალწინ მოვახდინეთ მათი ლუსტრაცია, მაგრამ დიდი პოლიტიკური მარცხი მათ უნდა განიცადონ შემოდგომაზე, იმისთვის, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს ჩარაზული კარი არის იმის სიმბოლო, თუ როგორ უნდათ რომ ჩარაზონ საქართველოს პერსპექტივა.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“, პარლამენტის შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შესაძლებელი იყო რიგგარეშე სესია უახლეს პერიოდში ჩანიშნულიყო, თუმცა ბიურომ უარი, კონსტიტუციის დარღვევით თქვა.

„ეს ჩარაზული კარები არის სიმბოლო, თუ როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ჩვენს ევროპულ პერსპექტივებს. ისინი, ამ ქმედებით, პრაქტიკულად უარს გვეუბნებიან იმაზე, რომ დავიწყოთ აქტიური მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული საკითხები უკვე მზად არის, ინიცირებულია და შესაძლებელი იყო, რომ დღესვე განხილულიყო კომიტეტის სხდომებზე და რიგგარეშე სესია უახლოეს პერიოდში ჩანიშნულიყო, ბიურომ კონსტიტუციის დარღვევით უარი გვითხრა.

ამით უარს გვეუბნებიან საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ანტიდასავლურ კამპანიაში არიან ჩართულები და რეალურად არ აქვთ პოლიტიკური ნება ამ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების.“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.

პარლამენტის კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ მოხდეს.

„ქართული ოცნების“ ამოცანა არ არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, თან ცდილობენ ეს ისე გააკეთონ, რომ ან ოპოზიციას დაჰბრალდეს, ან თავად ევროკავშირს დაჰბრალდეს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გამოუვათ, ვინაიდან ქართული საზოგადოების, ქართველი ხალხის მყარი, მტკიცე გადაწყვეტილებაა დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირება და ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემებით და ტკივილებით გავიაროთ ეს გზა.“ – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

„ადამიანები, ვისაც გულწრფელად გვინდა ევროპასთან საქართველოს მომავლის დაკავშირება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოვიქცევით, ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, – ამის შესახებ კი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, ის, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნება“ არ აპირებს რიგგარეშე სესიაში მონაწილეობის მიღებას, „ეს უმრავლესობის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“.

„სამართლებრივად კონსტიტუცია ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რიგგარეშე სესია პრეზიდენტი იწვევს და შემდეგ ბიურო ადგენს იმ გეგმას, რომლითაც უნდა იმუშაოს, მაგრამ ამ პროცესში მონაწილეობა უმრავლესობამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა, რაც სწორი ნაბიჯი არ არის, ვინაიდან ჩვენ ყველა, პირველ რიგში კი, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს შეხების წერტილების გაჩენას და არა პირიქით.

საკონსტიტუციო ცვლილებები თავისთავად, სულ რომ არ იყოს საუბარი 12 პუნქტზე, უმრავლესობა თავად უნდა ეძებდეს იმ თემებს, რომელზეც შეიძლება, გადაწყვეტილება ყველამ ერთად მივიღოთ. ამან, რომ მოხსნას წინააღმდეგობები ყველა მხრიდან, ჩვენი მოტივაცია ეს იყო. „ქართული ოცნება“ ამისთვის მზად არ არის და აპირებს, იგივე რეჟიმში გააგრძელოს პარლამენტში მუშაობა, როგორც მუშაობდა.

ჩვენი გეგმები იქნება მიმართული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიერ იმ ამოცანების შესრულებისკენ, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის შესასრულებლად საჭირო ყველა შესაძლო გადაწყვეტილებაზე და შემოდგომიდან გვექნება აქტიური ფაზა ამ გადაწყვეტილებების მხარდაჭერის.

ამ პროცესში ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა არასწორ გზაზე დააყენოს. ადამიანებს, ვისაც გულწრფელად გვინდა ევროპასთან საქართველოს მომავლის დაკავშირება, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოვიქცევით. ეს კონკრეტულად რაში გამოიხატება, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ბულინგის და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს – ახლა შესვენება არ არის გამართლებული“ – პრეზიდენტი განმარტავს, რატომ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სესია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g