„ფაქტობრივად, რთული იყო წარმოგვედგინა, რა შეიძლება გაგვეგო ბიუჯეტის ხარჯზე სააკაშვილის ფუფუნებისკენ მიდრეკილი ცხოვრების შესახებ მას შემდეგ, რაც აქამდე მოსმენილი გვქონდა, დაწყებული პერსონალური სამედიცინო მომსახურებით, გაგრძელებული საკუთარი შვილის სკოლის ფულის ბიუჯეტიდან გადახდით, რაც რა თქმა უნდა, სამარცხვინო საქციელია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა თავდაცვის სამინისტროს მიერ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას და აღნიშნა, რომ „საზოგადოება გაიგებს, რასთან ჰქონდა საქმე“.
„კიდევ დამატებით რა შეიძლება გაგვეგო? ეს ინფორმაცია ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, აქამდე ცნობილი არ იყო, როგორ იყენებდა ის სახელმწიფო თვითმფრინავს, ბიუჯეტის ფულს იმისთვის, რომ პირადი ტურისტული მოგზაურობები მოეწყო ვიღაცების საფლავზე თუ ღირსშესანიშნავ ადგილებში.
როცა ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ არსებობს გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტები, რომლებშიც ეს მონაცემები, სავარაუდოდ, არის აღწერილი.
შესაბამისად, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ გრიფით საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით და საზოგადოება გაიგებს, რასთან ჰქონდა საქმე.
ეს „დემოკრატიის შუქურა“, რომელსაც გარედან პოლიტიკური კორუფციით ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და ქსელი ცდილობს, რომ რამენაირად ციხიდან გამოიხსნას, შევხედავთ, ეს ფუფუნების მოყვარული ადამიანი კიდევ რით იყო დაკავებული ჩვენი ხალხის ფულის ხარჯზე“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.
მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.
ამავე თემაზე:
