ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებას ეხმიანება.
მდინარაძის თქმით, ეს სამართალდამცავი ორგანოების შესაფასებელი საკითხი და მათი კომპეტენციაა:
„როცა რამდენიმე ათას ლარზე არის ხოლმე დანაშაულის ნიშნების შემადგენლობა, გამოძიება მაინც იწყება ხოლმე, როგორც თქვენ იცით, და ათეულობით მილიონ ლარზე როცაა საუბარი, ალბათ ლოგიკური გაგრძელება ეს იქნება, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, ეს სამართალდამცავი ორგანოების შესაფასებელი საკითხი, მათი კომპეტენციაა და გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონ.
მაგრამ, ზოგადად თუ ვიტყვით, 14 მილიონის გაფლანგვაზე თუა საუბარი პირადი, აღვირახსნილი თემების საჭიროებისთვის და მიხეილ სააკაშვილის ვნებების დასაკმაყოფილებლად, წარმოუდგენელია. ეს ხომ არც ერთ ქართველს არ დაავიწყდება, ესკობარის საფლავზე რომ მიდიოდა, ჩარტერით რომ იყო სახელმწიფოს ხარჯებით წასული.
დღეს მისი ტელევიზიები მეკითხებიან, გუშინ რომ ბიზნესმენ მშობელს ეძახდნენ, დღეს რომ პენსიონერი მშობელი გახდა, სად და როგორ წავიდა ღარიბაშვილიო.
რაღაც საკითხები არსებობს, რისი გასაჯაროებაც არ შეიძლება, მაგრამ სააკაშვილი რომელი ნარკობარონის საფლავზე გადაფრინდა და რომელ ცოცხალ ნარკობარონს მოინახულებდა, ამასთან დაკავშირებული ხარჯი უნდა გასაჯაროვდეს, აბა რა უნდა იყოს“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.
მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს.
ამავე თემაზე:
