„ეს არის ბოლო გაფართხალება „ქართული ოცნების“ – „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ზუსტად ასეა მათი საქმე,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ 27 ოქტომბერს დაანონსებულ მხარდამჭერთა შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
უდუმაშვილის აზრით, მმართველი პარტია აქციაზე ხალხს დაშინებით მიიყვანს, სხვა შემთხვევაში კი, დეპუტატის თქმით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს სამსახურიდან გაუშვებენ.
„ყველამ კარგად ვიცით, როგორ მიმდინარეობს ამ აქციისთვის მზადება. ყველა საჯარო უწყებას აქვს კონკრეტული დავალება მიცემული მუქარით, რომ თითოეული მათგანი დაკარგავს სამსახურს თუ არ გამოცხადდება და არ მოიყვანს კონკრეტული რაოდენობის ხალხს ამ აქციაზე.
იხარჯება უამრავი ფული, რომ ეს ხალხი როგორმე თბილისში ჩამოიყვანონ და მხარდამჭერებს დაანახონ, რომ ვიღაც მათაც უჭერთ მხარს, მაგრამ ეს ყველაფერი არის წარსული, ასეთი აქციები გვინახავს. ეს არის სასოწარკვეთილი და აგონიაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედება. „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო“, ზუსტად ასეა მათი საქმე,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამართავს