შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ნივთიერებები „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე”. ვახტანგ გომელაურის კომენტარს ტელეკომპანია „იმედი“ ციტირებს.
ყოფილი მინისტრის მტკიცებით, ბოლო შეძენა მოხდა 2009 თუ 2010 წელს, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია, ხოლო „ნაცებმა კატა გამოთხარეს“
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია.
მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“, – აცხადებს შს ყოფილი მინისტრი გომელაური.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
