LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს უცნაური ფრაზა არაერთხელ გამოჩნდა თქვენს გოიმურ გამონათქვამში… გადავატრიალე „გუგლი“ და ვერ გავიგე, რას ნიშნავს „ერთ ფეხზე ვერ დავდგებით“.. თუ ლექსებით გინდათ საუბარი, თქვით ბარემ: „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს“ – გოცირიძე მდინარაძეს

170
რომან გოცირიძე

„ეს არის ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ მიმართული კანონი, აშშ-ის, ევროკავშირის და დასავლეთის სხვა მეგობარი სახელმწიფოების მტრად გამოცხადების კანონი, ეს არის რუსეთის მხარდამჭერი კანონი“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

სიტყვით გამოსვლის დროს, რომან გოცირიძემ მმართველი გუნდის წევრების ერთ-ერთ გამონათქვამზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფრაზის შინაარსი მისთვის გაუგებარია:

„ამ კანონის შინაარსი ძალიან მარტივია და კარგად გაიგო მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არის ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ მიმართული კანონი – აშშ-ის, ევროკავშირის და დასავლეთის სხვა მეგობარი სახელმწიფოების მტრად გამოცხადების კანონი. პოლიტიკურად საგარეო კონტექსტი ეს არის რუსეთის მხარდამჭერი კანონი. შიდა კონტექსტი ძალიან მარტივია. ეს კანონი ევროპის არც ერთ სახელმწიფოში არ მუშაობს, უნგრეთში იყო და ისიც გაუქმდა. ნუ ატყუებთ საზოგადოებას, რომ ევროპაში სადღაც არის. „რაღაცებს იხილავს ვიღაცები“ – გვითხარით ერთი სახელმწიფო, სადაც ეს კანონი არსებობს სამართლებრივად. ის, რომ ეს ანტიდასავლური სულისკვეთების კანონია, არაერთხელ გამოჩნდა თქვენს [პარტიას] გოიმურ, ორღობულ გამონათქვამში.

რაც ბიძინა ივანიშვილი მეორედ მობრუნდა, თქვენს პოლიტიკურ ლექსიკაში გაჩნდა ასეთი უცნაური ფრაზა – „ერთ ფეხზე არ დავდგებით“. გადავატრიალე „გუგლი“, ვერაფერი გავიგე, რას ნიშნავს „ერთ ფეხზე ვერ დავდგები“. იოგა ვნახე ერთ ფეხზე დგას და ბალანსს იცავს კარგად და წეროზე წავიკითხე ერთ ფეხზე იმიტომ დგას, რომ ენერგიას ინახავსო. ვერ გავიგე, სადაური გამონათქვამია. გუშინ ათჯერ გამოიყენეთ..

ბიძინამ დაგავალათ ბატონო, [მამუკა მდინარაძე] ეს ფრთოსანი ანტიდასავლური გამონათქვამები ყოველდღე იმეოროთ? თუ მაინც და მაინც ლექსებით და აფორიზმებით გინდათ საუბარი, თქვით ბარემ: „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს“. იყავით თეთრი რაში, უთხარით ევროპას, არ გვინდა თქვენი უნაგირი, მაგრამ ფული ხომ გინდათ? 6 მლრდ ხომ გინდათ ამერიკიდან? ევროკავშირის ვაქცინები ხომ გინდოდათ მილიარდზე მეტი? ამ კანონს თავი დაანებეთ, თორემ კისერს წაიტეხთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიას და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს” – სახდეპი

ცნობისათვის, პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე წარუდგენს.

პლენარულ სესიაზე კანონპროექტის განხილვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კენჭისყრის შემდეგ – 78 ხმით 25-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი აირჩია, ხოლო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ მიერ შემუშავებული ორი ალტერნატიული პროექტი ჩააგდო.

magti 5g