ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 170 ადამიანი დაშავდა, მათგან 75 საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც მედია წერს, 15 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ინციდენტი წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან ახლოს, საპირისპირო მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა.
სარკინიგზო ქსელის ცნობით, ორივე მატარებელში ოთხასი მგზავრი და თანამშრომელი იმყოფებოდა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, შეჯახება მატარებლის მალაგადან გასვლიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოხდა. შემთხვევის შემდეგ მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მოძრაობა შეჩერდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
„ეს ღამე ჩვენი ქვეყნისთვის ღრმა მწუხარების ღამეა ადამუზში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო. ვერანაირი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს ასეთ დიდ ტანჯვას“, – დაწერა მან X-ზე.
მეფე ფილიპე VI-მ და დედოფალმა ლეტიციამ განაცხადეს, რომ კატასტროფის შესახებ ინფორმაციას დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს, ასევე სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს“, – ნათქვამია სამეფო სასახლის განცხადებაში.
