LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევაკუაციის გეგმა ნამდვილად არსებობს – რა კეთდება ვაშლიჯვრის ფერდობის გადასარჩენად

561
88
რამდენიმე კვირაა ვაშლიჯვრის ფერდობს საფრთე დაემუქრა. მეწყრული ზონა გზის მშენებლობის პარალელურად გაჩნდა. თბილისში ყველას 13 ივნისის ღამე გაახსენდა და იმაზე დაიწყეს მსჯელობა, როგორ შეიძლება საფრთხის თავიდან აცილება. ადგილობრივი მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.
რა გეგმას აქვს მთავრობას ვაშლიჯვრის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, თემაზე თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა. 

„ვაშლიჯვრის ფერდობზე გაჩენილი მეწყრული პროცესი  გუშინდელი და დღევანდელი პრობლემა არაა, ეს არის ათწლეულების პრობლემა. როდესაც პრობლემამ თავი იჩინა, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა პრევენციული სამუშაოები გაატარეს, შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც  დაკომპლექტდა შესაბამისი დარგის სპეციალისტებით.  მოვიწვიეთ გერმანელი სპეციალისტები და ერთობლივი გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს სამუშაოები“. – აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“.

სიცრუე, რომელიც ვაშლიჯვრის მცხოვრებლების ევაკუაციას ეხებოდა, პანიკის დათესვას ემსახურებოდა – კახა კალაძე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო

მისი თქმით, ფერდობის გადარჩენაში ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

„ჩვენი პოზიცია თბილისის მერმაც დააფიქსირა და უამრავი განცხადებები გაკეთდა, ჩვენი კარი ნებისმიერისთვის ღიაა. შეუძლია ნებისმიერი მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა ფერდობის გადარჩენაში. რა თქმა უნდა, მერიის ზედამხედველობის გარეშე, ვისაც რა მოუნდება, იმას ვერ გააკეთებს, მაგრამ შეუძლიათ მოვიდნენ, გაეცნონ სიტუაციას და ნებისმიერ პროცესში მიიღონ მონაწილეობა“. – აღნიშნა ცინცაძემ. 

ცინცაძე განმარტავს, რომ ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არაა.

„ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორინგის ტექნიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მივიღოთ დაზუსტებული ინფორმაცია ფერდობზე მიმდინარე პროცესებზე. სპეციალისტებზე დაყრდნობით, მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით დღეს არანაირი ევაკუაცია საჭირო არაა.

მე თავად ვაშლიჯვარში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. არასად არ წასულვარ, დღესაც აქ ვიმყოფები. თუ რაიმე სახის მინიშნება მაინც იქნება და რაიმე სახის საჭიროება იქნება, რომ მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს, რა თქმა უნდა, პირველი ვიქნებით ჩვენ, ვინც გამოვალთ და ამას ვიტყვით“. – ამბობს ცინცაძე „კვირის თემასთან“ საუბარში.

ცინცაძე განმარტავს, რომ აჟიოტაჟი მოყვა ევაკუაციის გეგმას.

„მოყვა აჟიოტაჟი იმას, რომ არსებობს ევაკუაციის გეგმა. ნამდვილად არსებობს ევაკუაციის გეგმა, შესაბამისი სამსახურები ამ საკითზე მუშაობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გახდება საჭირო. ღმერთმა ქნას ევაკუაციასაჭირო არ გახდეს.  თუმცა, თუ გახდება საჭირო, შესაბამისი სამსახურები ნებისმიერ ადამიანს გააცნობენ  გეგმას და ამ გეგმის შესრულება დაიწყება. დღეს ყველანაირი პრევენციული სამუშოები მიმდინარეობს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

დღევანდელ დღესაც ათეულობით ადამიანი ამ ღერძზე დგას და მუშაობს. გარკვეული მიწის მასების მოხსნა მიმდინარეობს, შემდეგ მიდის ცემენტიზაცია. პირველ რიგში ჩვენი ამოცანა იყო, რომ თვითოეული ადამიანისთვის ყოფილიყო უსაფრთხო სამუშოები და მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივად ჩავკეტეთ.

მომავალ კვირას ველოდებით გერმანელ სპეციალისტებს, ჩამოვლენ და ერთობლივი სამუშაობის საფუძველზე გვექნება იმისი გეგმა, თუ შემდგომში რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები,  მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავხსნათ მაჭავარიანის ქუჩა.

მინდა მივმართო ვაშლიჯრის მოსახლეობას და ვთხოვო, რომ ნუ აყვებიან ცრუ ინფორმაციას. სამწუხაროდ მიზანმიმართულად ვრცელება ტყუილი ინფორმაცია და ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და უბრალოდ მოატყუონ. შემიძლია, ხამაღლა ვთქვა, რომ ატყუებენ. არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ თვითოეულმა ადამიანმა თავი არ იგრძნოს უსაფრთხოდ“. – განმარტა ცინცაძემ.

magti 5g