LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2024-ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთები დღეს 13:00 საათიდან გაიყიდება

113
ევრო 2024

24 მაისს, 13:00 საათიდან, ონლაინ პორტალზე TKT.GE, ევრო 2024-ზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ჩარტერულ რეისებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყება.

ბილეთის შეძენა სუბსიდირებულ ფასად მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება აეროპორტში რეგისტრაციისას  ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ავიაბილეთის სრული ფასის გადახდა მოუწევს. 

მგზავრი ბილეთს ელექტრონული ფოსტით მიიღებს. იგი ვალდებულია, შესაბამის აეროპორტში სარეგისტრაციოდ გაფრენამდე 3 საათით ადრე გამოცხადდეს. 

ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, სუბსიდირებული ავიაბილეთებით თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან გერმანიის ოთხი ქალაქის – დორტმუნდის, ჰამბურგის, კელნისა და დიუსელდორფის მიმართულებით გაემგზავრონ. 

სუბსიდირებულ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებენ: Eurowings, Wizz Air, Hi Sky და Georgian Wings.

ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზე იქნება მორგებული. ქომაგებს ექნებათ შესაძლებლობა თავად ააწყონ სამოგზაურო განრიგი და შესაბამისად, ერთ, ორ ან სამივე მატჩს დაესწრონ . 

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევრო იქნება, შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 390 ევროს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები