ევროკომისია განიხილავს შესაძლებლობას, რომ მოქმედი იმპორტის გადასახადი ჩინეთიდან იმპორტირებულ ჰიბრიდულ ავტომობილებზეც გავრცელდეს – იმავე გზით, როგორც ეს უკვე მოხდა ელექტრომობილების შემთხვევაში. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა საკითხი აქტიურად განიხილება. სიახლის შესახებ გამოცემა Euractiv-ი წერს.
ევროკომისიის ერთ-ერთი წევრის ოფისში აცხადებენ, რომ ჩინური ჰიბრიდების თემა კომისიის სხდომებზე არაერთხელ დადგა დღის წესრიგში. მათი შეფასებით, ჰიბრიდული ავტომობილები ჩინეთში იმავე პირობებში იწარმოება, როგორც ელექტრომობილები – სახელმწიფოს დიდი მხარდაჭერის ფონზე, რაც ჩინურ ბრენდებს საშუალებას აძლევს, ევროპულ ბაზარზე მნიშვნელოვნად დაბალი ფასები დააწესონ. სწორედ ამიტომ, ევროპული ავტოინდუსტრიის დასაცავად საჭიროა კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნა.

სიტუაციის გამწვავებაზე მიუთითებს ბაზრის სტატისტიკაც: 2025 წლის შედეგებით, ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების მიწოდება ევროკავშირში 155 პროცენტით გაიზარდა, მაშინ როცა ელექტრომობილების იმპორტი, რომლებზეც უკვე დაწესებულია დამატებითი გადასახადი, მხოლოდ 12 პროცენტით მეტი იყო.
ამასთან, ბრიუსელი და პეკინი პარალელურად განიხილავენ ალტერნატიულ მექანიზმს ჩინეთიდან ავტომობილების ექსპორტის რეგულირებისთვის. საუბარია თითოეულ მწარმოებელთან ცალკეული შეთანხმებების გაფორმებაზე მინიმალური დასაშვები ფასების შესახებ და ამაზე ნაკლებ ფასად იმპორტირებული ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება. თეორიულად, ასეთი სისტემა იმპორტის გადასახადის გვერდის ავლით იმუშავებს.

ჩინურ ელექტრომობილებზე გადასახადი ევროკავშირმა 2024 წლის ოქტომბერში შემოიღო. მათი ოდენობა განსხვავდება მწარმოებლისა და სახელმწიფოს ჩართულობის დონის მიხედვით და მაქსიმუმ 35,3 პროცენტს აღწევს. ოფიციალურად, ეს ზომები ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს, თუმცა უკვე მათი ამოქმედების ეტაპზე აღინიშნა, რომ ბრიუსელსა და პეკინს შორის მოლაპარაკებები ამ საკითხზე გაგრძელდება.
