LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი კიბერბულინგის წინააღმდეგ ახალ, მასშტაბურ პროექტს იწყებს

109
dogukan-sahin-wddj9jjfb6k-unsplash

ევროკავშირი კიბერბულინგთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის და ონლაინ ტროლინგისა და ინტერნეტში ძალადობრივი ქცევის წინააღმდეგ ერთიან სისტემას ქმნის, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ევროკავშირის მასშტაბის ონლაინ პლატფორმაა, სადაც კიბერბულინგის მსხვერპლებს შეეძლებათ ინციდენტის სწრაფად შეტყობინება, მტკიცებულებების შენახვა და მათი შესაბამის ეროვნულ სამსახურებში გადაგზავნა, ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღება.

პარალელურად, სისტემა პირდაპირ პოპულარულ სოციალურ ქსელებში ინტეგრირდება – მათ შორის TikTok-სა და YouTube-ში. მომხმარებლებს ექნებათ სპეციალური ღილაკი, რომლის საშუალებითაც კიბერბულინგის დაფიქსირება ერთი ღილაკით იქნება შესაძლებელი. ევროკავშირის გეგმით, ეს ფუნქცია 2026 წლის სექტემბრისთვის ყველა მსხვილ პლატფორმაზე უნდა ამოქმედდეს.

ინიციატივის საფუძვლად გამოყენებული იქნება ფრანგული აპლიკაცია „3018“, რომელიც უკვე ეხმარება მოზარდებს ონლაინ ძალადობის შემთხვევების შეტყობინებაში.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოწყვლად ჯგუფებს – მათ შორის შშმ პირებს, მიგრანტებსა და ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა უმცირესობებს, რომლებიც კიბერბულინგის რისკის ქვეშ ხშირად ხვდებიან.

გეგმის კიდევ ერთი მიმართულება სკოლებში ციფრული უსაფრთხოების გაძლიერებაა. ევროკავშირი გეგმავს მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადამზადებას, რათა მათ უკეთ ამოიცნონ ონლაინ ძალადობა და დროულად მოახდინონ რეაგირება.

ეს ინიციატივა დაკავშირებულია ევროკავშირის სხვა ციფრულ რეგულაციებთანაც, მათ შორის „ციფრული სერვისების აქტთან“, რომელიც დიდ პლატფორმებს ავალდებულებს არასრულწლოვანების დაცვას მავნე კონტენტისგან და ხელოვნური ინტელექტის რეგულაციებთან, რომლებიც ყალბი და AI-ით შექმნილი მასალის კონტროლს ითვალისწინებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში ყოველი მეექვსე მოზარდი ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი, ხოლო ყოველი მერვე თავადაც მონაწილეობდა მსგავს ქცევაში.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ მსხვერპლებს ხშირად უჭირთ დახმარების მოთხოვნა სირცხვილისა და შიშის გამო, ამიტომ სისტემა მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები