LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი: „თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ“

138
პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ის ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ არსებული მთავრობა დაინტერესებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესით, ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს ნებისმიერ მთავრობასთან – ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულთან“.

მისივე თქმით, „ევროკავშირი გარკვეულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და ეს ღირებულებები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“.

„ეს ღირებულებები ასახულია შეთანხმებებში – ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობის უფლებები და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ქართველო ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომელიც ამ ნორმების ერთგული იქნება.

ნება მომეცით, ღიად ვთქვა – თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და რომელიც ევროკავშირის როგორც ამჟამინდელმა, ასევე მომავალმა წევრებმა მკაცრად უნდა დაიცვან“, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ და აღნიშნა, რომ „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დრო გაიფლანგა და გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია“.

„გულგატეხილმა კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, რომ ევროკავშირის 27-მა ლიდერმა ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე აქ განვითარებული გარკვეული რთული და შემაშფოთებელი მოვლენების საპასუხოდ.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ განვაახლოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი.

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დრო გაიფლანგა, გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ხდება იმ კონტექსტში, როცა სხვა ქვეყნები, მათ შორის მოლდოვა და უკრაინა, სწრაფად მიიწევენ წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ელჩმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც ევროკავშირის ინსტიტუტებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა მაღალი დონის შეხვედრის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს:

„რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა განხილვა ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან, როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან და სწორედ ამიტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ

ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა:

„ეს თქვენ, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოთ, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, მაგრამ ჩემზეა იმის მოწოდება, რომ გითხრათ – გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა, თქვენი ხმა ნამდვილად, ნამდვილად მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მოახლოებულ, 26 ოქტომბრის არჩევნებში აქტივობა იქნება ისტორიულად მაღალი და თქვენ კოლექტიურად გადაწყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს.

მომავალი არჩევნები იქნება აბსოლუტურად აუცილებელი თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში“, – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g