LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადების გაზრდის რეკომენდაციას უწევს

-თამბაქო-1525090713

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რეკომენდაციას უწევს საქართველოს, თამბაქოს ყველა პროდუქტზე გადასახადები გაზარდოს.

საქართველოს მოსახლეობის 32%-ზე მეტი თამბაქოს მომხმარებელია და ამის გამო, ყოველწლიურად დაახლოებით 11.400 ადამიანი იღუპება. თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის, დაავადებების, პროდუქტიულობის კლების და სხვა ტვირთის გამო საქართველო ყოველწლიურად კარგავს 825 მილიონ ლარს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ია.

2017 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, საქართველოში თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის კვლევის თანახმად, თამბაქოზე გადასახადების ზრდა საქართველოში, 15 წლიან პერსპექტივაში თამბაქოს მოწევის მაჩვენებელს 27%-ით შეამცირებს, გადაარჩენს 35 000 ადამიანის სიცოცხლეს და მოიტანს სარგებელს 2.2 მილიარდი ლარის მოცულობით.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ შედეგის მისაღწევად, საქართველომ უნდა უპასუხოს რამდენიმე გამოწვევას თამბაქოს პროდუქტების დაბეგვრის სფეროში.

  1. სერიოზული პრობლემაა თამბაქოს პროდუქტების არათანაბარი დაბეგვრა, კერძოდ, სხვაობა უფილტრო და ფილტრიან სიგარეტების გადასახადებს შორის, რაც თამბაქოს ინდუსტრიას შესაძლებლობას აძლევს გვერდი აუაროს გადასახადს, მწეველთა ნაწილს კი, ნაცვლად იმისა, რომ სარგებელი მიიღონ თამბაქოზე თავის დანებებით, ან მისი მოხმარების შემცირებით, თამბაქოს ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლებისკენ უბიძგებს.
  2. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამ სფეროში შერეული დაბეგვრის სისტემის შემოღებით (იმავდროულად ფიქსირებული აქციზის მაღალი წილის შენარჩუნებით) და გადასახადების ზრდით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები და ფასები რეგიონში კვლავაც ერთ-ერთი დაბალია. გადასახადების ზრდამ მოწევაზე თავის დანებებისკენ მწეველთა მხოლოდ ნაწილს უბიძგა, ამიტომაც აღნიშნული პოლიტიკა კიდევ უფრო გასაძლიერებელია, რათა მწეველებს ამ სახიფათო პროდუქტზე თავის დანებების სერიოზული მოტივაცია გაუჩნდეთ. გადასახადების გაზრდა თავიდან აგვაცილებს უამრავი არამწეველის, განსაკუთრებით კი ახალგაზდების მხრიდან თამბაქოს მოწევის დაწყებასაც. გაიზრდება როგორც საბიუჯეტო შემოსავლები, ასევე უამრავი ოჯახის დანაზოგი.

თამბაქოზე გადასახადების ზრდა ერთ-ერთი საუკეთესო „მოგება-მოგების“ პოლიტიკაა. ის მომგებიანია როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე ბიუჯეტისთვის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო სააგენტოები ქვეყნებს მოუწოდებენ ყურადღება მიაქციონ და გაითვალისწინონ მტკიცებულებები და არა თამბაქოს ინდუსტრიისეული შეცდომაში შემყვანი არგუმენტები.

„არსებობს ძალიან მყარი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თამბაქოზე მაღალი გადასახადები და ფასები მნიშვნელოვნად ამცირებს მის მოხმარებას, ეს უფრო შესამჩნევია დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ვიდრე მაღალშემოსავლიანებში. გამოთვლილია, რომ თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გასამმაგება დაბალი და საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობაში აორმაგებს სიგარეტის ფასებს და დაახლოებით 40%-ით ამცირებს ამ პროდუქტების მოხმარებას.

მთავრობებისთვის თამბაქოს დაბეგვრა „მოგება-მოგების“ პოლიტიკის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რითაც დამატებითი შემოსავლების გენერირებაც მოხდება და მოხმარებაც შემცირდება. სულ უფრო მეტი ქვეყანა წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდა, რომელიც საცალო ფასებს 10%-ით ზრდის, 2%-დან 8%-მდე ამცირებს მოხმარებას. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, თამბაქოს აქციზური განაკვეთის გაორმაგება სიგარეტის გადასახადიდან შემოსავლებს 30%-ზე მეტით ზრდის.

თამბაქოს გადასახადები ღარიბ მოსახლეობას და ახალგაზრდებს იცავს. კვლევის თანახმად, თამბაქოს პროდუქტზე ფასის ზრდის შედეგად ახალგაზრდები ზრდასრულებთან შედარებით 2-3-ჯერ მეტად ამცირებენ მოხმარებას. მაღალი გადასახადები და ფასები ეფექტური პრევენციაა საიმისოდ, რომ ნაკლებმა ახალგაზრდამ დაიწყოს თამბაქოს მოხმარება და გახდეს რეგულარული მომხმარებელი.

თამბაქოს ინდუსტრიის და მასთან დაკავშირებული მხარეების მტკიცებით,  თამბაქოზე გადასახადის ზრდას ჯანმრთელობასა და შემოსავლებზე ასეთი კარგი ეფექტი არ ექნება, რადგან თურმე დრამატულად გაიზრდება უკანონო ვაჭრობა და მწეველები არალეგალური პროდუქტების მოხმარებაზე გადავლენ. თუმცა, რეალური მტკიცებულებების თანახმად, უკანონო ვაჭრობის პრევენცია და კონტროლი უპირველესად კანონის ადმინისტრირების საკითხია და ქვეყნებს შორის ფასების სხვაობის ზრდა ყოველთვის არ იწვევს პირდაპირ უკანონო ვაჭრობის ზრდას. მრავალი ფაქტი და მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ქვეყნებს, სადაც თამბაქოზე მაღალი გადასახადები და ფასები  და კანონის ძლიერი ადმინისტრირებაა, საკმაოდ მცირე უკანონო ბაზარი აქვთ, ან ის უმნიშვნელოდ იზრდება. საქართველო ერთ-ერთი კარგი მაგალითია ამ მხრივ. 2004 წლამდე, როდესაც რეგიონში თამბაქოზე გადასახადები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, კონტრაბანდის და არალეგალური ბაზრის წილი დაახლოებით 50%-ს შეადგენდა. მაგრამ, მომდევნო წლებში, როდესაც მთავრობამ ამ პროდუქტზე პრაქტიკულად რამდენჯერმე გაზარდა გადასახადები და  ზოგადად კანონის აღსრულება და კორუფციასთან ბრძოლა გააძლიერა, ძალიან მალე არალეგალური ბაზრის მოცულობა თითქმის განულდა, საბიუჯეტო შემოსავლები კი შესამჩნევად გაიზარდა,“ – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g