ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც მოითხოვს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულების გასასამართლებლად.
რეზოლუციას მხარი 472-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 19 წავიდა, ხოლო 33-მა – თავი შეიკავა.
ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, რათა გაასამართლოს არა მხოლოდ ვლადიმირ პუტინი და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, არამედ ალექსანდრ ლუკაშენკო და ბელარუსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, როგორც თანამონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიიდანაც და რომლის ლოგისტიკური მხარდაჭერითაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს.
„პარლამენტს მტკიცედ სჯერა, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის როგორც რუსულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის ხელმძღვანელობა ზოგადად შეიძლება დაისაჯონ უკრაინაში აგრესიის დანაშაულისთვის.“– ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებს, ევროკომისიას და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, ხელი შეუწყონ დროებითი პროკურატურის შექმნას.
ისინი მიიჩნევენ, რომ ამ სამსახურის შექმნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯი მომავალი სპეციალური ტრიბუნალის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებასა და გასამართლებაში.
ლუკაშენკო: პუტინთან საზღვარზე ძალების განთავსებაზე შევთანხმდი
სპეცოპერაციაში ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ – ლუკაშენკო
„ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება ბუნებრივი პასუხია“ – პუტინი