ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებული რეზოლუცია 548 ხმით 69-ის წინააღმდეგ მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვს ნებისმიერი აგრესია მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი უნდა დაუჯდეს.
ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედროების ზრდას და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნის მისამართით მუქარა.
ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ მკაცრ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებზე რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უშუალო საფრთხეების დასაძლევად, ვიდრე დაელოდონ შემდგომ შეჭრას.
ეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ძალების ზრდა წარმოადგენს ინსტრუმენტს პოლიტიკური დათმობების მისაღებად დასავლეთისგან უკრაინის ხარჯზე.
უკრაინის ნატოში მისწრაფების შესახებ ტექსტში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ქვეყნის არჩევანი არ უნდა გახდეს მესამე ქვეყნის თანხმობის საგანი.
ამიტომ ევროპარლამენტი გამორიცხავს რუსეთის მცდელობას ზოგიერთი ქვეყანა თავისი გავლენის სფეროში ჩართოს.
ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს, გაუგზავნოს რუსეთს მკაცრი გაფრთხილება, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედება არა მხოლოდ მიუღებელი იქნება, არამედ მას მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ღირებულება ექნება.
„სანქციების ნებისმიერი ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს რუსეთის ოფიცერთა კორპუსს, რომელიც მონაწილეობს შესაძლო შემოჭრის დაგეგმვაში, ისევე როგორც ოლიგარქების უახლოესი გარემოცვა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის ორბიტაზეა. სანქციები ასევე უნდა მოიცავდეს ფინანსური და ფიზიკური აქტივების გაყინვას ევროკავშირში, მოგზაურობის აკრძალვებს, რუსეთის SWIFT-ის გადახდის სისტემიდან გარიცხვას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
