ევროპაში გაზის ფასის ზრდა ფიქსირდება, რასაც ანომალიურად ცივი ზამთარი და განახლებადი ენერგიის გამომუშავების კლება განაპირობებს. ამის შესახებ Energy Connects წერს.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, მიმდინარე იანვარი ევროპაში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ყველაზე ცივი აღმოჩნდა. მოსალოდნელია, რომ თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე დაახლოებით ორი გრადუსით დაბალი იქნება, ხოლო 2025 წლის იანვართან შედარებით – სამი გრადუსით ნაკლები.

ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც გაზის ბაზარზე ფასების ზრდას იწვევს. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს განახლებადი ენერგიის წყაროების დაბალი ეფექტიანობა. ოთხშაბათს ევროკავშირში ქარის ელექტროსადგურებმა ელექტროენერგიის მოთხოვნის მხოლოდ 15% დაფარეს, მაშინ როდესაც ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალი იყო. შედარებისთვის, გასული წლის იანვარში ქარის ენერგიის წილი ევროკავშირის ენერგობალანსში საშუალოდ 20%-ს შეადგენდა.

ექსპერტების შეფასებით, ცივი ამინდის შენარჩუნების შემთხვევაში ენერგორესურსებზე ზეწოლა და ფასების მერყეობა შესაძლოა უახლოეს კვირებშიც გაგრძელდეს.
