კორონავირუსი კვლავ დიდი სისწრაფით ვრცელდება და თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე აქვს გავლენა. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და მთავრობებიც რეგულაციებს მუდმივად აახლებენ. ეს შეეხება ქვეყნებს შორის გადაადგილებასაც და მოვლენებისთვის თვალის დევნება არც ისე მარტივია.
ევროპაში მოგზაურობის მსურველები ყველაზე აქტუალურ ინფორმაციას ამიერიდან სპეციალური აპლიკაციიდან მიიღებენ. ევროკომისიამ შექმნა მობილური პროგრამა Re-open EU, სადაც ყველაზე საჭირო ინფორმაციაა თავმოყრილი. აპლიკაცია Android–ისა და iOS–ის პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი.
სიახლე ევროკავშირის მიერ შექმნილი საიტის Re-open EU–ს მიხედვით გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საიტი 2020 წლის ზაფხულში ჩაეშვა და საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობს.
აპლიკაციის საშუალებით ტურისტებს შეუძლიათ გაიგონ, თუ რომელ ქვეყნებშია რეგულარული ფრენები ღია, სად ითხოვენ კოვიდ–პასპორტს, რომელი ქვეყანაა წითელ ზონაში, რომელი დაწესებულებებია დახურული პანდემიის დროს და ა.შ.
იქვეა აქტუალური ინფორმაცია ამა თუ იმ სახელმწიფოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ. მონაცემთა დიდი ნაწილი საკმაოდ მოსახერხებელი რუკის ფორმითაა წარმოდგენილი და თან მაჩვენებლები მუდმივად ახლდება.