ევროპაში სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვის იმედი უფრო მეტად იმ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, ვინც ლუქსემბურგში, ირლანდიასა და ბელგიაში მოღვაწეობს. ასეთ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო დასაქმების ორი პლატფორმა, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ასობით ვაკანსია გააანალიზა.
გამარჯვებულების დასადგენად შეფასდა ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა: სავალდებულო ყოველწლიური შვებულება, დეკრეტული შვებულება, ბიულეტენი, ქვეყნის ჯანდაცვის მდგომარეობა, საზოგადოების კმაყოფილების დონე, საშუალო რაოდენობის სამუშაო საათები და პენსიაზე გასასვლელად საჭირო სამუშაო სტაჟი. გარდა ამისა, კვლევაში გაითვალისწინეს პროფესიული გადაღლილობის დონე, რომელსაც შტატის ფსიქოლოგების შეფასებებით ადგენენ.
აღმოჩნდა, რომ ლუქსემბურგში სამუშაო პირობები განსაკუთრებით დაბალანსებულია: პენსიაზე გასასვლელი სტაჟი, როგორც წესი, არ აღემატება 35 წელს, სამუშაო კვირა შეზღუდულია 35 საათით, ხოლო ბიულეტენის აღება შესაძლებელია ერთდროულად 14 დღით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. თუმცა, ლუქსემბურგში პროფესიული გადაღლილობის დონე ცოტა უფრო მაღალი აღმოჩნდა – ის შეადგენს 11,6%-ს, მაშინ როცა ევროპაში საშუალოდ – 11,3%-ია.
ირლანდია ლიდერების სიაში შევიდა მაღალი მინიმალური ხელფასისა და სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით უფრო მოკლე სამუშაო კვირის გამო. ამასთან, ავტორებმა გამოყვეს ევროპაში ყველაზე ხელსაყრელი დეკრეტული შვებულების პირობები – 26 კვირა 70%-იანი ანაზღაურებით.
ბელგია: ბელგიელები სარგებლობენ დიდი რაოდენობის საჯარო დასვენებებით, ხელფასიანი ავადმყოფობის და დეკრეტული შვებულებით. სამუშაო დრო საშუალოდ კვირაში 34,1 საათია – ოდნავ ნაკლები, ვიდრე ლუქსემბურგში. ასევე, ბელგიაში მაღალია დისტანციური ან ჰიბრიდული სამსახურების ოდენობა – თითქმის 15%, ამ მაჩვენებლით ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია.