ევროპელი ტურისტების მხრიდან ქართულ საჰაერო ტაქსებზე მოთხოვნა იზრდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ახალი ქართული ავიაკომპანია ”ავიატორი” უფრო დიდი დატვირთვით მუშაობას. როგორც ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, ქართულ საჰაერო ტაქსზე მოთხოვნა მზარდია როგორც ტურისტების, ისე ბიზნესმენების მხრიდან.
”განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს ბათუმის მიმართულება. აღნიშნულ ქალაქში გადაფრენას ერევნიდან, ბაქოდან და თბილისიდან ითხოვენ. ჩვენი მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გარდა, ”ავიატორის” საჰაერო ტაქსით ევროპელი ტურისტებიც ინტერესდებიან. დღითიდღე იზრდება მოთხოვნა მესტიის მიმართულებაზე”, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.
როგორც ”ავიატორში” განმარტეს, ქართული ავიაკომპანია სამომავლოდ გაფართოებას განიხილავს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს საჰაერო ხომალდების დამატებასა და ფრენების დიაპაზონის გაზრდაზე.
”ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ერთი საჰაერო ხომალდი, თუმცა რამდენიმე პარტნიორი კომპანიის ვერტმფრენებსაც ვიყენებთ. სამომავლოდ კი იგეგმება ახალი ხომალდების დამატებაც. რაც შეეხება ფრენის დიაპაზონს, საჰაერო ტაქსები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაახლოებით 2000 კილომეტრის მანძილზე, 3 საათის დიაპაზონში დაფრინავს. კერძოდ, საქართველოს სერტიფიცირებულ აეროპორტებში – ბათუმში, ქუთაისში, მესტიაში, ამბროლაურსა და თელავში. ხოლო საზღვარგარეთ სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში”, – აღნიშნეს ”ავიატორში”.
მათივე ცნობით, საჰაერო ტაქსისერთი საათის ფრენის ღირებულება $1500-დან იწყება, გადასახადების გარეშე.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია ”ავიატორი” ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ის ჰოლდინგ ”აჭარა ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ოპერირებას უახლესი ამერიკული წარმოების Beechcraft KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით ახორციელებს, რომელიც აღჭურვილია 5 ადამიანზე გათვლილი ბიზნეს კლასის ინტერიერით და უახლესი სისტემებით.