“სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ზრდის შანსებს, რომ ჰააგის სასამართლოშიც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვებული გამოვა”,- ასე აფასებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გამოტანილ განაჩენს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე.
როგორც მან “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება უკვე ევროპის საბჭოს ღირსების და პრესტიჟის საკითხია.
“მინდა მივულოცო მოქალაქეებს, ეს ძალიან დიდი გამარჯვება, იმიტომ რომ ეს არის ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის კიდევ ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
მეორე დავა საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ რომელიც მიმდინარეობს არის ჰააგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ერთიორად ზრდის შანსებს რომ ჰააგის სასამართლოშიც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამარჯვებული გამოვა.
რაც შეეხება დეოკუპაციის სტრატეგიას, ეს ასევე მნიშვენლოვანია იმით, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება ევალება ევროპის საბჭოს მიმნისტრთა კომიტეტს, რომელიც შედგება 47 ქვეყნისგან. ეს ნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს ღირსების და პრესტიჟის საკითხია, რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს აღსრულებული. აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება გასცდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. ეს არის ისტორიული გამარჯვება.
გარდა ამისა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ რომელშიც აღნიშნულია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად სცნო.
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს არ აღიაროს სტრასბურგის გადაწყვეტილება.
“რუსეთი ცდილობს, რომ არ აღიაროს და სათავისოდ აჩვენოს სტრასბურგის გადაწყვეტილება. თუმცა 8-12 აგვისტოს მოვლენებზე საქართველოს შეტანილი აქვს სარჩელი სწორედ ჰააგის სასამართლოში და ომის დანაშაულებებზე. ამ შემთხვევაში ლაპარაკია 12 აგვისტოს შემდგომ მოვლენებზე და სწორედ ამაში დაადანაშაულა სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი. ამიტომ რუსეთს უნდა, რომ თავის მოქალაქეებს აჩვენოს რომ გამარჯვება მოიპოვა. გარწმუნებთ, რომ 8-12 აგვისტოს თემასაც ნათელი მოეფინება მაშინ, როდესაც ჰააგის სასამართლო ომის დანაშაულებებზე გამოიტანს განაჩენს რუსეთის წინააღმდეგ”,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქმე “საქართველო რუსეთის წინაღმდეგ” – დავის ქრონოლოგია
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა.