ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) წარადგინა თანამგზავრი Biomass, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყეებს შეისწავლის. 9 თვის განმავლობაში მოწყობილობა დედამიწის ტყის საფარის რუკას შექმნის და ეს რუკა 200 კვადრატული მეტრის სიზუსტით დამზადდება. სიახლის შესახებ Wald wissen წერს.
თანამგზავრის მთავარი მისია იმის გაზომვაა, შეუძლიათ თუ არა ტყეებს მავნე გამონაბოლქვის შთანთქმა. მართალია, ტყეების ზომისა და მოცულობის შესწავლა სხვა თანამგზავრებითაცაა შესაძლებელი, თუმცა Biomass სპეციალური რადარების დახმარებით ტყის სიღრმეებსა და სხვა დეტალების შესწავლას შეძლებს.
გარდა ტყეებისა, სიახლე უდაბნოებში წყლების მარაგებს, მყინვარის დნობის დინამიკას და სხვა გეოლოგიურ პროცესებსაც დააკვირდება. ყველა მონაცემი უფასოდ გამოქვეყნდება, რათა მათი გამოყენება ყველა მეცნიერმა შეძლოს.
თანამგზავრის გაშვება თავიდან 2021 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო რამდენიმე წლით გადაიდო.