LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსასამართლომ მოითხოვა, ხელისუფლებამ აცნობოს სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა – რა წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში

79
სტრასბურგის სასაართლო

„სასამართლომ მოითხოვა, რომ მთავრობამ აცნობოს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა,“ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესრელიზშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი რამდენიმე დანაშაულისთვის და მიიჩნევს, რომ ბრალდებები „პოლიტიკურად მოტივირებულია“, იგი მას შემდეგ შიმშილობს.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილს ორჯერ ჩაუტარდა გამოკვლევა სამედიცინო კონსილიუმის მიერ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ის შიმშილობს, იღებს მხოლოდ სითხეებს, ვიტამინებს და დაკარგა სხეულის მასის 10%, თუმცა მისი ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული გაუარესება არ დაფიქსირებულა.

მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა დროებითი ზომების მითითება, საქმეში სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (განცხადება No54641/21) მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, დროებითი ზომები დააკისროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს. დროებითი ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი,“ – აღნიშნულია პრესრელიზში.

სტრასბურგის სასამართლოს დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ განმცხადებელი მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, დაბადებული 1967 წელს და ის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ამასთან, ამავე დოკუმენტის თანახმად, სააკაშვილმა სასამართლოსგან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მოთხოვნა უარყვეს.

„სააკაშვილი ამტკიცებდა, ხელისუფლებამ არ გადასცა სამედიცინო ბარათი, რომ ციხის საავადმყოფო არ იყო სათანადოდ აღჭურვილი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და იქ მისი უსაფრთხოება ვერ იქნება გარანტირებული. ამგვარად, მან მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) მუხლებზე დაყრდნობით მოითხოვა მულტიფუნქციურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, რასაც რეკომენდაციას უწევს სამედიცინო საბჭო, საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველები. საჩივარი ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 10 ნოემბერს შევიდა“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

პრესრელიზის მიხედვით, 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა მიუთითოს საქართველოს მთავრობას, 39-ე მუხლზე დაყრდნობით, რათა მან მიაწოდოს ინფორმაცია სასამართლოს აპლიკანტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში, მიაწოდოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება შიმშილობის დასრულების შემდგომ აღდგენის პერიოდში. ასევე, უნდა შედგეს აპლიკანტის ჯანმრთელობის აღდგენის გეგმა.

„ამავე დროს სასამართლო მოუწოდა აპლიკანტს, შეწყვიტოს შიმშილობა. სასამართლომ ასევე შესთავაზა მხარეებს, წარადგინონ ამ დროებით ზომებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ორი კვირის ვადაში (2021 წლის 24 ნოემბრამდე) სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს 41-ე წესზე დაყრდნობით.

სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესით განსაზღვრული ზომები მიიღება სასამართლოს განხილვამდე და არ განაპირობებს შემდგომ გადაწყვეტილებებს საქმის დასაშვებობასა თუ არსებითად საქმეზე.

სასამართლო მსგავს თხოვნებს აკმაყოფილებს ბოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც აპლიკანტი სხვა შემთხვევაში დადგება გამოუსწორებელი ზიანის მიღების რეალური საფრთხის წინაშე“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

magti 5g