„პირველ დეკემბერს ვიმყოფებოდი სამსახურში, სადაც facebook-ზე ვნახე – გადაღებული იყო 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ მხარეზე პოლიციელები იყვნენ, მეორეზე მომიტინგეები“, – ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მინდაძის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა სამართალდამცველმა, გოჩა ონიანმა განაცხადა.
სასამართლო პროცესი დღეს, 14 თებერვალს გაიმართა, სადაც გოჩა ონიანი მოწმის სახით დაიკითხა და ჩვენებაში თქვა:
„პირველ დეკემბერს ვიმყოფებოდი სამსახურში, სადაც facebook-ზე ვნახე – გადაღებული იყო 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ მხარეზე პოლიციელები იყვნენ, მეორეზე მომიტინგეები.
მომიტინგეების მხრიდან ერთ-ერთი პიროვნება, ახალგაზრდა, პიროტექნიკიდან ახორციელებდა გასროლას, ის გასროლილი პოლიციელს ხვდებოდა და ფეთქდებოდა.
აქედან გამომდინარე, ეს ჩავთვალე სამართალდარღვევად, ჩამოვტვირთე ლინკი ჩემს ტელეფონზე და პატაკის სახით მოვახსენე ხელმძღვანელობას. ეს ლინკი დავურთე პატაკს”, – განაცხადა გოჩა ონიანიმა.
ინფორმაციისთვის, გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.
მინდაძის ადვოკატის, ვახტანგ მთიულიშვილის თქმით, საქმეში მტკიცებულებად დევს ფოტოსურათი, სადაც მას პიროტექნიკა უჭირავს და პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ მინდაძის ნასროლი პიროტექნიკა მოხვდა და ფეხი დაუზიანდა.