“ფაიზერისა” და “ბიოენტექის” მიერ წარმოებული კოვიდვაქცინა უარყოფით გავლენას არ ახდენს სპერმაზე,” – შესაბამისი წინასწარი დასკვნა ისრაელში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კეთდება.
საქმე ისაა, რომ ისრაელში მკვლევრებმა 43 მოხალისე მამაკაცისგან შეაგროვეს სპერმის ნიმუშები “ფაიზერის” ვაქცინის გაკეთებამდე ერთი თვით ადრე და ასევე, აცრიდან ერთი თვის შემდეგ. წინასწარი გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინაციის შემდეგ, მათი სპერმის არცერთი პარამეტრი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
“ეს წინასწარი შედეგები დამამშვიდებელია იმ ახალგაზრდა მამაკაცებისთვის, რომლებიც კოვიდვაქცინით იცრებიან. წინა კვლევებმა კი აჩვენა, რომ თავად კოვიდინფექცია უარყოფითად მოქმედებს სპერმაზე”. – აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევა ჩატარდა ნეიროფსიქიატრიული მიმართულებითაც. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, ვირუსი უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. კერძოდ, კოვიდგადატანილ პაციენტებს ხშირად ძილის პრობლემები, გადაღლილობა, შფოთვა და პოსტტრამვული სტრესი აღენიშნებათ.
მკვლევარებმა შეაჯამეს იმ 51 კვლევის მონაცემები, რომელშიც თითქმის 19 000 პაციენტი მონაწილეობდა. მათ გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ჯამში, 27,4%-ს აღენიშნებოდა ძილის პრობლემა, 24.4%-ს დაღლილობა, 20.2% ცუდად ატარებდა შემეცნების ობიექტურ ტესტებს, 19.1%-ს აღნიშნებოდა შფოთვა, 15.7% -ს კი პოსტტრავმული სტრესი.
