მსახიობმა ნინო მუმლაძემ მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეოების სერია, რომლებმაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ერთი ეხებოდა იმას, თუ რატომ ვერ ახერხებს მსახიობი, რომელიც მარტოხელა დედაა და ვაჟს ზრდის, ინფლუენსერის საქმიანობის შეთავსებას, შემდეგ ვიდეოში კი ნინომ გამომწერებს გაუზიარა ამბავი, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში მის სტუმრობას უკავშირდებოდა… ნინოს წონის დაკლებისთვის ერთ-ერთი ოპერაციის ჩატარება სურდა, ბარტერის პირობებზე, თუმცა მისი შეთავაზება კლინიკამ არ მიიღო, რადგან, როგორც მსახიობი ჰყვება, კლინიკის წარმომადგენელმა მისი მიმდევრების რაოდენობის დათვლა დაიწყო… ნინოს ამ ვიდეოების სერიის შესახებ ვკითხეთ…
ნინო მუმლაძე:
ბედის ირონია იყო ეს ზუსტად. რამდენი მიცდია და გამიკეთებია, რუტინულად და სერიოზულად არ მივუდექი, ამიტომაც არ მქონდა ალბათ შედეგი, რადგან არასდროს მიზრუნია ამ სფეროზე, როგორც რეალურ შემოსავალსა და საქმეზე. ზუსტად იმ ვიდეომ „გაისროლა“, სადაც ვხსნი, რატომ არ ვარ ინფლუენსერი. ბედის ირონიაც ეს არის. რაღაცების მოყოლა მიცდია, მაგრამ მაინცდამაინც დიდი გამოხმაურება არ ჰქონდა.
რას გწერდნენ პირადში ამ ვიდეოს შემდეგ?
ერთი-ორი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც დახმარებას შემპირდა. ძირითადად, დადებითად მწერდნენ, უმრავლესობა ობიექტურად აფასებდა ყველა თემას, რომელზეც იქ ვსაუბრობ, სწორ შეფასებებს მაძლევდნენ, დახმარებას მთავაზობდნენ. დღესაც მწერენ. აღარც მახსოვს, როდის დავდე ეს ვიდეო, მაგრამ დახმარების სურვილით დღემდე მწერენ. ერთ-ერთი ქალბატონი დღესაც მარიგებდა თავისი გამოცდილების შესაბამისად. ამ გულისხმიერებისთვის მადლობელი ვარ…
მარტოხელა დედაც ალბათ ბევრია და შესაძლოა, ესაა იმის მიზეზი, რომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია…
ინტერესს უფრო მეტად ის ვიდეოები იწვევს, სადაც გულახდილად ვყვებით ჩვენს ცხოვრებაზე. რეალურად, სერიალებიც ამაზე არის აგებული. სხვისი ცხოვრების თვალთვალს ახერხებ და ეს არის საინტერესო მაყურებლისთვის, ამიტომაც არის პოპულარული რეალური შოუებიც. სადაც ცდილობ, კონკრეტულ სფეროზე ისაუბრო, ნაკლებად საინტერესოა საზოგადოებისთვის. ალბათ, რადგან ჩემი ცხოვრების შესახებ მოვყევი, ამიტომ გახდა რეზონანსული. ის, რომ ჩემს დღეში ბევრი ქალია საქართველოში, ესეც ფაქტია. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ჩემს მეგობარს, რომელთანაც წლებია, არ მქონია ურთიერთობა. მასაც მოუსწრია გათხოვება, შვილის გაჩენა და გაშორება. დედების კლუბი ჩამოაყალიბა, მზიურში აიღეს სივრცე, ფსიქოთერაპევტებთან ერთად, დედები შევხვდებით ერთმანეთს, მარტოხელაც და ყველანაირიც. დედა მაშინაც კი, როცა მარტო არ არის, ძალიან დიდ სტრესს გადის. სხვათა შორის, ეს კლუბი დააარსეს მარტოხელა და მრავალშვილიანმა დედებმა, თავიანთი გამოცდილებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე…
ნუკი კოშკელიშვილი ჰყვებოდა, ორსული ქალი ამერიკაში აუცილებლად მიდის გინეკოლოგთან პირველ ვიზიტზე, გინეკოლოგი კი მას უსვამს შეკითხვებს, რომლის მიხედვითაც გამოავლენს, რამდენად სტრესულად მოქმედებს მასზე ორსულობა, ან პოსტსამშობიარო დეპრესია ხომ არ აქვს. თუ ოდნავ მაინც შეაქვს ეჭვი მის დეპრესიულ ფონში, სახელმწიფო ფსიქოლოგს უნიშნავს. აქ კი, არათუ სახელმწიფო, ოჯახის წევრებიც არ აღიარებენ, რომ ქალს შეიძლება მშობიარობის შემდეგ, ფსიქოლოგი დასჭირდეს. ეს ყველაფერი მართლა ძალიან რთულია, ჯერ მხოლოდ ჰორმონების ფონზე. შესაძლებელია გარკვეული აგრესია უსაყვარლესი მეუღლის მიმართაც, რომელიც ისე ვერ არის ჩართული ბავშვის აღზრდაში, როგორც დედა. ეს ნორმალურია. შენ რომ უძილო ღამეებს ერთმანეთს აბამ, ქმარი კი გემრიელად არის მიძინებული, გეშლება ნერვები და ეს ნორმალურია (იღიმის). ამაზე რატომღაც ახლა იწყებენ საუბარს. აქამდე ითვლებოდა, რომ ქალი რომც გაწყდეს წელში, უნდა გადაიტანოს. დედამთილიც მოგიტრიალდება და გეტყვის, სამი შვილი გავზარდეო… როგორც უნდა იტანჯებოდე, ეს უნდა აიტანო, მოითმინო… სინამდვილეში ეს არ არის ნორმა. ამას სჭირდება გაგება, თანაგაზიარება, მოსმენა. ძალიან რთულია დედობა დახმარების გარეშე, მით უმეტეს, პირველ ეტაპზე. ეს არის ის თემა, რომლის შესახებაც დედებმა უნდა გააფრთხილონ ერთმანეთი. ოჯახის წევრები უნდა იყვნენ მზად დედის დასახმარებლად. აუცილებლად წინასწარ უნდა ჰქონდეთ ბევრი რამ გათვლილი, მათ შორის, ძიძის ყოლაც.
მოკლედ, დედების კლუბის იდეა მომეწონა და ამ კლუბს როგორც შევძლებ, ისე დავუდგები გვერდით. ემოციური სტრესის დაძლევაში და ბალანსის მოპოვებაში ერთმანეთს დახმარებიან და იქნება პროფესიული ჩართულობაც, სტრესთან გასამკლავებლად. ზოგს სტრესული გარემოც არ აქვს, მაგრამ დეკრეტში ყოფნის დროს, ან უმუშევრობისას, საკუთარ მეს კარგავენ. მე დეკრეტის მერე მომიწია დიდი დოზით ჩემს საქმიანობაში ჩართვამ, მაგრამ ზოგი საქმიანობას ვეღარ უბრუნდება, მხოლოდ დედის როლში ყოფნაც ძალიან რთულია…
მარტოხელა დედის რუტინას შეეჩვიე?
დრო ჩემთვის პრობლემა იყო სულ, დედობამდეც. არ მაქვს სტაბილური გრაფიკი, ორი თეატრის მსახიობი ვარ, მესამეში მიწვევით ვარ. როდის სად რა დაინიშნება, არ ვიცი. აკვა აერობიკის დაწყება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. წინასწარ არასდროს ვიცი, სად როდის დამიბარებენ რეპეტიციაზე. არსებობს სხვა საქმეებიც, რომლებსაც დამატებითი შემოსავლისთვის ვიმატებ – მაგალითად, ახლა გამოსაშვები საღამოსთვის ერთ-ერთ სკოლაში სპექტაკლი უნდა დავდგა. მუდმივად არეული რეჟიმი ძალიან დამღლელია, მაგრამ რა ვქნა…
მხოლოდ საკუთარ შემოსავალზე ხარ დამოკიდებული?
მეხმარებიან ჩემი ოჯახის წევრები, რა ფინანსებიც აქვთ, ცდილობენ, იმით დამეხმარონ, მაგრამ მე, ძირითადად, სულ ვცდილობ, რომ ჩემს შემოსავლებზე ვიყოთ მე და ჩემი შვილი დამოკიდებული…
ნინო, კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნე, რომელიც წონის კლებას უკავშირდებოდა… გსურდა, ოპერაციის გზით წონის კლებისთვის მიგეღწია, მაგრამ ერთ-ერთ კლინიკაში მისულს შეღავათი არ გაგიწიეს ფასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ძალიან ძვირად ღირებული ჩარევაა, მისი გაკეთება ვერ შეძელი…
ესეც ბარიატრიაა, მაგრამ ენდოსკოპიური. პირის ღრუდან ხდება კუჭში შეღწევა, ამბობენ, რომ ნაკლებ პრობლემებს ქმნის, მაგრამ მერე, როცა „ვივამედის“ ბარიატრს ვესაუბრე, თურმე იმ ოპერაციას, რომელიც სხვა კლინიკაში კეთდება, ბევრი საშიში მომენტი ახლავს, ამიტომ ძალიან კარგი, რომ არ დამაფინანსეს (იღიმის). რასაკვირველია, ეს მათი ბიზნესია და მათი გადასაწყვეტია, მე ამაზე როგორ უნდა ვიყო ნაწყენი? ადამიანს რაღაც რომ არ უღირს, ეს აბსოლუტურად მათი გადასაწყვეტია. ამის გამო ვერავის დავდებ ბრალს და დავადანაშაულებ. დამოკიდებულება არ მესიამოვნა. თვითონ დამოკიდებულება იყო ისეთი, თითქოს საზომი ერთეულია მიმდევრების რაოდენობა და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. აქამდე შემოქმედის შეფასებისას სხვა საზომებით ვხელმძღვანელობდი. აღმოჩნდა, რომ ფინანსისტებისთვის საზომი ერთეულები სხვაა.
ახლა ინფლუენსერობაზე უფრო მეტად ხომ არ დაფიქრდი?
მე ვერ დავდებ პირობას, რომ ამას რუტინულად მივუდგები, ჩემი მოუცლელობიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარეც, რომ ტიპაჟიც არ ვარ ისეთი. ზოგი ლუკმას არ ჩაიდებს პირში, რომ ფოტო არ გადაიღოს. ეს ჩემში არ ზის. 41 წლის ვარ და აქამდე ისე მოვედი, რომ საზოგადოებისთვის სახეს და როლებს ვქმნიდი. ჩემს ყოველდღიურ ყოფაში რაღაც შევქმნა, რომ გამოვაქვეყნო წამდაუწუმ, ეს ჩემში არ ზის. არ ვაკნინებ, ეს შემოსავლის წყაროა ბევრისთვის, მაგრამ ალბათ, უნდა იყო ასეთი ტიპაჟი. ჩემთვის ცოტა რთულია. არ ვიცი, შეიძლება, ნელ-ნელა ავუღო ალღო, სამწუხაროა თუ არა, დღევანდელი რეალობა ასეთია. ტელევიზია მეორეხარისხოვანი გახდა, თეატრშიც დადის ხალხი, მაგრამ არა ისე მასობრივად, ამიტომ უნდა შეველიო ჩემს ძველმოდურ აზროვნებას და ავუწყო ფეხი თანამედროვეობას.
წონასთან დაკავშირებით რას აპირებ?
ჩავარდნილი გეგმის მერე მივმართე ჩემს უსაყვარლეს ენდოკრინოლოგს, ნინო ჯიქურაულს, ეს არის ადამიანი, რომელთანაც უხსოვარი დროიდან დავდივარ. ძალიან ხშირად, როგორც მეგობართან, ისე მივდივარ ხოლმე. 2010 წელს მივედი პირველად. მაშინ 20 კილო დამაკლებინა და ვიყავი ძალიან გამხდარი. ეს იცი როდის იყო? პირველად რომ გამოვჩნდი „ჩემი ცოლის დაქალებში“. პირველ სერიებში მართლა ძალიან გამხდარი ვიყავი. იმ პირველ სერიებამდე ნინომ ძალიან კარგად დამაკლებინა.
სამწუხაროდ, ვისაც აქვს ჭარბი წონის პრობლემა და კვებითი დარღვევები, ეს არის მარადიული პრობლემა. ამას უნდა ებრძოლო მთელი ცხოვრება. როგორც კი სტრესულ სიტუაციაში ხვდები, ისევ იწყებ ჭამას. მე მაქვს კვებითი დამოკიდებულება. ეს არის ჩვეულებრივი დამოკიდებულება, ისეთი, როგორებიცაა: ნარკო, თამაშზე ან სხვა რამეზე დამოკიდებულება. ძალიან ბევრს აქვს და არ იცის, რომ ეს არის დამოკიდებულება. ფსიქოლოგმა დამიდო ეს დასკვნა, ამას დიდხანს ვერ ვაცნობიერებდი. სანამ ვერ გააცნობიერებ, რომ ეს პრობლემა გაწუხებს, მუდმივი დანაშაულის შეგრძნება გაქვს, ისჯი თავს, ამბობ, რომ მსუნაგი ხარ, არადა, დამოკიდებულებაა. მუდმივად თავის დადანაშაულება არ შეიძლება. ენდოკრინოლოგს ვესაუბრე, კორტიზოლი მაქვს სისხლში მაღალი, სტრესის ჰორმონი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ასუქებს ადამიანს. კიტრიც რომ ჭამო, მაინც ვერ დაიკლებ.
სტრესის ფაქტორი ადრეც გქონდა?
ეს მოჰყვა მშობიარობის შემდგომ პერიოდს. მერე ამ ყველაფრის ფონზე, გლუკოზაც ამეწია სისხლში, პრედიაბეტი მაქვს და ამის გამოც მიჭირს დაკლება. მინდოდა უფრო სერიოზული ჩარევა სწორედ ამიტომაც, რადგან ჯანსაღი კვებით და თუნდაც შიმშილით ვერანაირი შედეგი ვერ მივიღე. ეს ჩარევა არ გამოვიდა. ექიმს მივმართე, წავიდა საუბარი რაღაც მედიკამენტზე. ყველა ვარიანტში დამჭირდება პრეპარატის მიღება, რომ ჯანმრთელობა გავიუმჯობესო და დავიკლო. მქონდა შეთავაზება „ვივამედისგან“ ბარიატრიაზე, იმ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ნინო ნადირაძემ დაარეკინა ჩემთან, უფასოდ გამიკეთებენ, არ ვიცი, ვფიქრობ ამაზე. არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. ჯერჯერობით უნდა მივყვე ექიმის რჩევა-დარიგებას. თუ ვერ მივიღებ შედეგს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, გამოვიყენო ის შანსი…
