Euro news-ის ცნობით, ირანში მიმდინარე ომის შედეგად გამოწვეულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ გლობალური სასუქების ბაზარი მძიმე კრიზისში შეიყვანა.
ჰორმუზის სრუტეში, რომლის გავლითაც მსოფლიოს სასუქების მნიშვნელოვანი ნაწილი გადის, მიწოდების შეფერხებებმა და ენერგორესურსების გაძვირებამ მნიშვნელოვნად გაზარდა აზოტოვანი სასუქების ფასები, განსაკუთრებით შარდოვანასა და ამიაკის მიმართულებით.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საწვავის მაღალი ფასები და ლოგისტიკური პრობლემები პირდაპირ ზრდის წარმოების ხარჯებს, რის გამოც ფერმერები ბევრ ქვეყანაში იძულებულნი ხდებიან სასუქების გამოყენება შეამცირონ. ეს კი მომავალში მოსავლიანობის შემცირების რისკს აჩენს და განსაკუთრებით მძიმე დარტყმას აყენებს იმ ქვეყნებს, რომლებიც იმპორტზე არიან დამოკიდებულნი.

ევროკავშირშიც კი, სადაც გარკვეული მარაგები ჯერ კიდევ სტაბილურია, ფასების ზრდა უკვე აშკარად იგრძნობა და აგრარული სექტორი დამატებით ზეწოლას განიცდის. სპეციალისტები შიშობენ, რომ კრიზისი თუ გაგრძელდა, შესაძლოა ეს გადაიზარდოს სურსათის ფასების ახალ ტალღაში და ყველაზე მეტად დააზარალოს დაბალშემოსავლიანი რეგიონები, განსაკუთრებით აფრიკასა და აზიაში.
საერთო ჯამში, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქმე მხოლოდ ფასების ზრდას არ ეხება – სასუქების მიწოდების შეფერხება უკვე ქმნის სისტემურ რისკს გლობალური სურსათის უსაფრთხოებისთვის, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც ომის გაგრძელებას, ისე ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილ დისბალანსს.
