„რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს მოცემულობა, როდესაც ფერდობმა დაკარგა წონასწორობა და დაძრულია. სანამ ის წონასწორობის წერტილს არ იპოვის, არ გაჩერდება. ჩვენ არ ვიცით, როგორ იმოქმედებს. მარცხნივ ჩაწვება, თუ მარჯვნივ ან დარჩენილი ფერდი როგორ იმოქმედებს,” – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით ვახტანგ ბალავაძემ რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.
მისი თქმით, ახლა, ყველაზე სწრაფად რაც შეიძლება გაკეთდეს უნდა შეჩერდეს სამშენებლო სამუშაოები და ჩატარდეს კომპლექსური კვლევა.
ორი შესაძლებლობაა ბუნებაში: ერთია, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ მოიქცევა ფერდი, (რაც არაპროგნოზირებადს ხდის მდგომარეობას) და მეორეა, რომ ეს პროცესი მართვადი გახდეს. მართვაში არ ვგულისხმობ მარტო დაკვირვებას. აუცილებელია კონკრეტული საინჟინრო ღონისძიებების დანერგვა, ეს კი ნიშნავს, რომ ამ ფერდის მოშლა უნდა იყოს მართვადი“. – აცხადებს ინჟინერი.
ბალავაძე ამბობს, რომ პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, არ დაიმალოს ინფორმაცია, იმისთვის, რომ დარგის მცოდნე ადამიანს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ინჟინერი საუბრობს მეწყრული პროცესის შესაძლოა გამოეწვევ მიზეზებზე.
“წლების განმავლობაში ვიცით, ამ ფერდობის მდგომარეობა და იქ მიმდინარე მოვლენები, ამიტომ არ გამოვრიცხავ ბუნებრივ პროცესებს. მეორეა, მშენებლობა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ანალოგიური მდგომარეობა, მაგრამ არსებობს კიდევ მესამე შესაძლებლობა – ორივე მოცემულობის ერთობლიობა. გზის მშენებლობამ დააჩქარა ეს პროცესები.
ყველაფრის დადგენა შესაძლებელია კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებით. კომპლექსური დასკვნის ერთ ნაწილში იგულისხმება გეოლოგია, არსებული ფერდის შესწავლა და მეორე ნაწილია რამდენად სწორად იყო ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები.
საპროექტო თვალსაზრისით შესაძლოა, სწორად იყო ყველაფერი გაწერილი, მაგრამ საკითხავია, სწორად იყო თუ არა დაცული სამშენებლო უსაფრთხოების ყველა წესი“, – ამბობს ინჟინერი.
ამ ეტაპზე ადგილზე უნდა გაკეთდეს: გამაგრება, ფარების დაყენება, მიმართულების მიცემისთვის მიწის ტერასულად მოჭრა და სხვა… უნდა გადაწყდეს ყოველივე ეს განხორციელებადია თუ არა მოცემულობიდან გამომდინარე.
როცა ვსაუბრობთ მიწის მოჭრაზე, გასათვალისწინებელია, რომ იქ უნდა შევიდეს ტექნიკა და იმ ტექნიკას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ფენის მოხსნა და ნებისმიერ ასეთ სამუშაოს სჭირდება გათვლა და სწორად დაგეგმვა.
მეწყრულ ადგილზე უსაფრთხო მისასვლელს გზების მოწყობა სჭირდება. სამუშაოები უნდა დაიწყოს ძალიან მალე“.- აღნიშნა ბალავაძემ „კვირის თემასთან“ საუბრისას.