საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გასულ წლებში, იმერეთის რეგიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რომლის ზედამხედველობა და მიღება ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის შესაბამის კომისიას დაევალა.
ბრალდებულების მიერ, რომლებიც ამ კომისიის წევრები იყვნენ, არაჯეროვნად განხორციელდა დაკისრებული მოვალეობები, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, დანაშაულში მხილებულ პირთა მხრიდან გამოჩენილი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ნაკლები მოცულობის სამუშაოები შეასრულა, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან სამი მოქმედი, ორი კი ყოფილი საჯარო მოხელეა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
