საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები – გ.ა. და ფ.დ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ამზადებდნენ, ძირითადად, ტკბილეულსა და ყავას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის „Raffaello”-ს და „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.

ასევე, ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილია და ამოღებულია ყავა „Jacobs Monarch”-ის და „Carte Noire“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული „Kinder Schokolade”, „Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები როგორც აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც ხორციელდებოდა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
