მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai ბათუმის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს. კერძოდ, 16 ივნისიდან 30 სექტემბრამდე, საავიაციო მიმოსვლა დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად, 7 სიხშირით შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ახალი განრიგით ოპერირების ნებართვა 14 თებერვალს მიენიჭა. ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.
შეგახსენებთ, Flydubai დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე 2011 წლიდან ოპერირებს. 2017 წლიდან, ავიაკომპანიამ საავიაციო მიმოსვლა ბათუმის მიმართულებით დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლის 14 ივნისიდან, Flydubai ფრენებს დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით, კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.