Forbes-ი ბრიტანული აუდიტორული კომპანიის Deloitte ამერიკული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ლარა ებრაშის სტატიას აქვეყნებს ბიზნესის მიერ ქალთა სპორტის უფრო მეტად მხარდაჭერის შესახებ.
ავტორის თქმით, ქალთა სპორტს ახლა გამორჩეული პერიოდი აქვს, რისი დასტურიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებია, სადაც ათლეტებს შორის გენდერული თანასწორობა განსაკუთრებულად თვალშისაცემი იყო, მეტიც, ქალთა ასპარეზობებს უფრო მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე ოდესმე და ქალთა სპორტიდან შემოსავლებმა გლობალურად 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ლარა ებრაშის აზრით, იმისთვის, რომ ქალთა სპორტის მიმართ ინტერესი არ განელდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ მზარდი იყოს, ინვესტიციებია საჭირო. იგი ინვესტორებს შემდეგ საკითხებზე დაფიქრებას ურჩევს:
- ქალი სპორტსმენები უკვე წარმატებით ასპარეზობენ მამაკაცების დისციპლინებშიც, რის შედეგადაც, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალთა სპორტიდან გლობალური შემოსავალი 300%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, კვლევები ცხადყოფს, რომ დღეს უფრო მეტი ქალი ყიდულობს სპორტულ საქონელსა და ატრიბუტიკას და სპორტით გატაცების შესახებ სოციალურ ქსელებში უკვე მოურიდებლად წერენ.
- ქალთა სპორტში ინვესტირებით შესაძლებელი იქნება, ერთი მხრივ, ქალთა სპორტში ახალი, მისაბაძი სახეების წარმოჩენა და, მეორე მხრივ, ქალი სპორტსმენების ანაზღაურების მამაკაცი სპორტსმენების ანაზღაურებასთან გათანაბრება, რაც, საბოლოო ჯამში, გოგონებს სპორტში დარჩენისკენ წაახალისებს. Deloitte-ის კვლევის თანახმად, იმ ქალებს, რომლებიც ადრე სპორტით იყვნენ დაკავებულები, სათამაშო მოედანზე მიღებული გამოცდილება კარიერულ წინსვლაში დაეხმარათ.
- ბარიერების დაძლევა, კერძოდ, ქალთა სპორტის აღიარება, მისი პოტენციალის სწორად შეფასება, ბრენდს სასპონსორო სტრატეგიის შემუშავებასა და კომპანიის სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას გაუადვილებს, თუმცა, საწყის ეტაპზე, ინვესტორმა სასურველია, მეტი იფიქროს სპონსორობის არამატერიალურ ფაქტორებზე, ვიდრე შემოსავალზე – მან სპორტში უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური მომავალი ყველასთვის.