„ფორმალური დიპლომის ნაცვლად იგი ორ ომში იყო და სამშობლოსა და ეკლესიას იცავდა, ორ სხვადასხვა ომში იღებდა მონაწილეობას. მეუფე ისაია არის ჩვენი დროის გმირი“ – ამის შესახებ ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ის ფაქტი რომ მიტროპოლიტმა პატრიარქობის კანდიდატად ყოფნას სინოდმა მხარი არ დაუჭირა, მისთვის მიუღებელია, თუმცა სინოდის გადაწყვეტილებას ემორჩილება.
„მეუფე ისაიამ ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი მიმართვა სინოდზე, რომ მას არაფერი უშლიდა ხელს, ეს ფორმალური დიპლომი ჰქონოდა. ფორმალური დიპლომის ნაცვლად იგი ორ ომში იყო და სამშობლოსა და ეკლესიას იცავდა, ორ სხვადასხვა ომში იღებდა მონაწილეობას. მეუფე ისაია არის ჩვენი დროის გმირი და ამ გმირობისთვის პატრიარქმა განსაკუთრებული ჯილდო მიანიჭა – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება…თვითონ წაიკითხა ეს წერილი, შემდეგ სხვა მღვდელმთავრებმა გამოთქვეს აზრი, ყველამ – ზოგმა ისეთი, ზოგმა ასეთი და ამის შემდეგ შევთანხმდით კენჭისყრაზე, რომ საერთოდ შეჩერებულიყო ეს კამათი, უმრავლესობამ ამას მისცა ხმას. კენჭისყრა იყო – უნდა შეწყდეს თუ არა კამათი… საგანგებოდ მივედი მეუფე ანდრიასთან და ვთხოვე, რომ აუცილებლად დაეფიქსირებინა ის, რომ მე მაქვს განსხვავებული აზრი იმიტომ, რომ მე ვაპირებდი და გავაგზავნე კიდეც სინოდში წერილი, რაზეც მეუფე ისაიამ არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბა აზრი, რომ ჩვენთვის ეს ფორმალობა არასოდეს ყოფილა გადამწყვეტი. მარტო მეუფე ისაია კი არა, ბევრი არის ეგეთი, ვინც ამბობს, რომ ფორმალური დიპლომის ნაცვლად სისხლსა და ოფლს ღვრიდა. მე ვფიქრობ, რომ არ იყო ეს მართებული გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ სინოდის გადაწყვეტილებას ვემორჩილები“ – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა „ფორმულასთან“ საუბარში.
ცნობისთვის, მიტროპოლიტმა ისაიამ გუშინ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა.
