LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერის და ნათია დუმბაძის ახალი სიმღერა, რომლითაც შეყვარებულები შერიგდებიან (ვიდეო)

5658
masteri-dumbadze-nekinekisa

რეპერმა მასტერმა შეყვარებულთან შესარიგებელი სიმღერა მას შემდეგ დაწერა, რაც თავად შეყვარებულს დაშორდა. როგორც გიორგი პავლიაშვილმა გვითხრა, მათი შერიგების შანსი ნაკლებია, მაგრამ იმედი აქვს, რომ სიმღერა „ნეკი-ნეკისა“ სხვა დაშორებულ ადამიანებს შეარიგებს ერთმანეთს.

კლიპის პრეზენტაცია ნათია დუმბაძისა და მასტერის ერთობლივ მეორე დუეტზე „დორსში“ 21 ნოემბერს, ხალხმრავლობაში შედგა. ნათია გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ საღამოს, ფაქტობრივად, ყველა დაესწრო, ვინც დაპატიჟეს. სიხარულის კიდევ ერთი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ დღეს მომღერალმა დაბადების დღე აღნიშნა.

საინტერესო დეტალი ისაა, რომ ნათიამ და მასტერმა უკვე მესამე დუეტის ჩაწერაზე დაიწყეს ფიქრი, საახალწლოდ, თოქშოუ „პროფილისთვის“, მათივე თხოვნით.

რაც შეეხება კლიპს, მასზე ChChX Production-მა იმუშავა, რეჟისორი კი მასტერია. ვიდეორგოლი ძალიან ფერადი და ლამაზი გამოვიდა და საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

კლიპის ორჯერ გაშვების შემდეგ სცენაზე მასტერის ბენდი და თავად საღამოს გმირები ავიდნენ. მათ შეასრულეს „ნეკი-ნეკისა“, შემდეგ მასტერმა თავისი რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა შეასრულა, ბოლოს კი ნათიამ და მასტერმა თავინთი პირველი ერთობლივი ჰიტი „არ უყურო დროს“ შეასრულეს.

ნათია დუმბაძე:

პირველივე სიმღერის ჩაწერისას გაჩნდა იდეა, რომ მეორე დუეტიც ჩაგვეწერა. იმდენად კარგი გამოვიდა სიმღერა და ჩვენი ხმებიც იმდენად მოუხდა ერთმანეთს… გარდა ამისა, დავმეგობრდით და რაც მთავარია, საქმეში გავუგეთ ერთმანეთს, მარტო მეგობრობა ხომ არაა… მეორე დუეტზე თავიდანვე გვეფიქრებოდა, მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ „პროფილმა“ გვთხოვა, საახალწლო დუეტი ჩავწეროთ მათთვის (იცინის). გიორგი გაიქცა. აღარ მინდაო…

რატომ?

მე სულ ვაჩქარებ. მე მიყვარს, როცა ერთი კვირით ადრე მზად არის ყველაფერი. სულ ვახსენებ, რამდენი დღე დარჩა. ამისგან კი ძალიან დაიღალა.

გაქვთ მეორე დუეტის გაჰიტების მოლოდინიც?

გვაქვს იმედი. პირველს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ მეორეც გვგონია, არანაკლებად პოპულარული იქნება.

მასტერი:

მესამე დუეტზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით (იცინის)

როგორ არა? ნათიამ მითხრა ინტერვიუში…

შესაძლოა, საახალწლო პროექტისთვის გავაკეთოთ, მაგრამ ახლა ისე ვართ, ერთმანეთს ვთხოვთ, ცოტა ხანს არ დამირეკოო, კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ გვინდა ერთმანეთისგან დავისვენოთ (იცინის). ხუმრობას თუ თავს დავანებებთ, იმდენად კარგად ვუგებთ მუსიკალურად ერთმანეთს, რომ არ გაგიკვირდეთ, კიდევ ვითანამშრომლოთ.

რაც შეეხება „ნეკი-ნეკისას“…

გვინდოდა დუეტი, მაგრამ შინაარსზე ჯერ არ მქონდა ნაფიქრი. ყოველთვის მინდა ხოლმე, რომ სიმღერა რაღაც ამბავს ჰყვებოდეს. რეპის ნაწილში მომაფიქრდა „ნეკ-ნეკ-ნეკი-ნეკისა, იქნებ ეს სიმღერა იყოს ჩვენი შერიგებისა“ – ეს იმდენად მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ, ასე დაგვერქმია და შესარიგებელი ყოფილიყო. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ამ სიმღერის გამო ვინმე ვინმეს სერიოზულ შეცდომას აპატიებს, მაგრამ სიმბოლურად შეიძლება მისი გამოყენება… მინდა, ყველა შევრიგდეთ. ისე, ვისზე რას ვამბობ, მე თვითონ ვარ შესარიგებელი… პირადს ვგულისხმობ.

დაშორდი შეყვარებულს?

ორწლიანი პირადი ურთიერთობა The End – ოღონდ ისე არა, რომ „ნეკი-ნეკისას“ გავაგზავნი და ყველაფერი მოგვარდება. ცხოვრებაა… რაღაცები არის, რაც დროს მოაქვს. ამ შემთხვევაშიც დრომ მოიტანა და არავის ბრალი არაა…

ე.ი. მარტო ხარ და არ გიხარია დიდად ეს ამბავი…

ვერ ვიტყვი, მიხარია თუ არა. უბრალოდ, სხვა ამპლუადან სხვაგან გადავინაცვლე. ყოველთვის ვიყავი კარიერაზე ორიენტირებული და ახლა კიდევვ უფრო მეტად ვარ, არ მყოფნის დრო ბევრი რამისთვის…

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები