LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობა 750 ათასზე მეტ ადამიანს სურს

93
page

ილონ მასკის თანამგზავრული კომუნიკაციების სერვისს ამ ეტაპზე  მსოფლიოს 20 ქვეყნის 140 ათასზე მეტი მცხოვრები მოიხმარს, თუმცა ცა ლიმიტი არ არის და ამას ისიც მოწმობს, რომ „სტარლინკის“ სერვისის გამოყენება სულ  უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს.

13 ნოემბერს მასკის კომპანია „სფეის იქსმა“  დედამიწის დაბალ ორბიტაზე წარმატებით განათავსა კიდევ 53 თანამგზავრი. პროცესი 2 თვეს გრძელდებოდა და საბოლოოდ ყველა თანამგზავრი წარმატებით შეუერთდა დანარჩენ თანავარსკვლავედს. საერთო ჯამში პირველი მისიიდან დღემდე „სფეის იქსს“ „სტარლინკის“  1800-ზე მეტი თანამგზავრი აქვს გაშვებული დაბალი ორბიტისაკენ.

SpaceX-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე „სტარლინკის“ სერვისს დაახლოებით 140 000 მომხმარებელი ჰყავს 20 ქვეყანაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ აგვისტოში კლიენტების რაოდენობა დაახლოებით 100 ათასი იყო.

უახლოეს მომავალში კი ამ რიცხვის მკვეთრ ზრდას უნდა ველოდოთ.როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე მიიღეს 750,000-ზე მეტი  შეკვეთა სატელიტურ ინტერნეტ-სერვისთან დაკავშირებით. თუმცა ჯერჯერობით ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას ხელს პანდემიის შედეგად გამოწვეული სილიკონის დეფიციტი უშლის, რომელიც აჭიანურებს აღჭურვილობის წარმოებას და გავლენას ახდენს კომპანიის უნარზე, რომ შეკვეთები დროულად შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ „სფეის იქსი“ ცდილობს რაც შეიძლება შეამციროს პროდუქტის თვითღირებულება, რათა პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი იყოს. როგორც მედიას ილონ მასკმა განუცხადა, ამ ეტაპზე „სფეის იქსს“ ერთი სატელიტური ანტენის შექმნა დაახლოებით 1000 აშშ დოლარი უჯდება, კომპანია კი ცდილობს ამ ღირებულების 200-300 დოლარით შესამცირებლად ყველაფერი გააკეთოს. წარმოების ხარჯების განახევრებას მასკი 2021 წლის ბოლოდან 2022 წლის  გაზაფხულამდე ვარაუდობს.

მეტი ტექნოლოგიური საიხლე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები