ხვალ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ბევრ ადამიანს სურს, რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა და აქციაში მონაწილეობა.
მისივე თქმით, დილის 08:00 საათიდან ქუთაისიდან ავტოკოლონა დაიძრება.
„ხვალ, 14:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე დავიწყებთ შეკრებას და ალბათ, 15:00 საათისთვის უკვე აქცია და სიტყვით გამოსვლა დაიწყება. ხვალინდელი დღე ძირითადად საინფორმაციო ნაწილს დაეთმობა. იცით, რომ განგრძობად აქციებს ვგეგმავთ და გადანაწილებული გვაქვს გარკვეული დღის წესრიგი, თუმცა გვინდა, კონკრეტულ გეგმებზე ტრიბუნიდან გავავრცელოთ ინფორმაცია და წინასწარ ამაზე არ ვსაუბრობთ. რაც შეეხება რეგიონებიდან ჩამომსვლელებს, თვითორგანიზდებიან ადამიანები. ამის მნიშვნელოვანი პრეცედენტიც იქმნება ქვეყანაში. არ ვიცი, სხვა დროს როდის ყოფილა მსგავსი დიდი თვითორგანიზება. უამრავ ადამიანს აქვს ხვალინდელ აქციაზე ჩამოსვლის სურვილი. დილით 08:00 საათიდან ქუთაისის სპორტის სასახლიდან წამოვა კოლონა და სხვა მხარეებიდანაც შემოუერთდებიან მანქანები.
განგრძობადი აქცია იქნება დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე. იცით, რომ 208 დღეა, რიონის ხეობაში ვართ, რა რეჟიმიც იქ გვაქვს, გავაგრძელებთ დედაქალაქში. რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ გვიწევს ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარება, სხვანაირად ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ, იგივე კომუნიკაციის ნაწილში და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერზე უარი განაცხადეს. ამიტომ გვიწევს, ფართომასშტაბიანი აქციების გზით გადავჭრათ ეს პრობლემა“,-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.