“ერთი მხრივ ამ ბიზნესში არის უთანასწორობა, მეორე მხრივ ამ დარღვევებს ხედავს ყველა, მაგრამ რეაგირება არ ახლავს” – ამის შესახებ “საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა “პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების” პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდეს.
“ჩვენი შესწავლის შედეგად მდგომარეობა არის არასახარბიელო. უფრო რეალურად თუ შევაფასებთ, მძიმეა. ტექნიკური ინსპექტირება დგას ჩავარდნის საფრთხის წინაშე იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ერთი მხრივ ამ ბიზნესში არის უთანასწორობა, მეორე მხრივ ამ დარღვევებს ხედავს ყველა, მაგრამ რეაგირება არ ახლავს. საბოლოოს ზარალდება და ზიანდება ავტომფლობელი. ის იღებს არასწორ სერვისს და თუ არ მოხდა ცვლილებები და ეკონომიკის სამინისტრომ არ მოახდინა რეაგირება, ფიქტიურ პროცესად გადაიქცევა,” – აცხადებს მესხიშვილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა კომპანიებთან შედარებით, პრივილეგიით კომპანია “გრინვეი – საქართველო” სარგებლობს, რომელიც თავის მოვალეობას სათანადოდ არ ასრულებს. მესხიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბაზრის მონოპოლიზაციას არც მისი და არც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაუშვებენ.
“პირველ რიგში, გამოვყოფდი იმას, რომ კომპანია “გრინვეი – საქართველო” სარგებლობს პრივილეგიით სხვა მოქმედ კომპანიებთან შედარებით და ქმედებები წახალისებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ. სახელმწიფო სტრუქტურები უარს ეუბნებიან ყველა სხვა კომპანიას კონკრეტულ მომსახურებაზე, ხოლო “გრინვეის” აძლევენ თანხმობას. ეს არის ზუსტად შერჩევითი დამოკიდებულება, რაც აზიანებს სფეროს და საფრთხის ქვეშ აყენებს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სამართლიან პროცესს, რომელმაც ჩვენ უნდა მოგვცეს ქვეყანაში უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა და გაუმჯობესებული საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი. ასევე, კომპანია არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაპირებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ.
“გრინვეიმ” ფაქტობრივად უარი თქვა მთლიანი მოსახლეობის მომსახურებაზე და მომსახურების გარეშე დატოვა 165 ათასზე მეტი მოსახლე. ეს არის ყაზბეგი, ადიგენი, შუახევი, ქედა და ა.შ “, – განაცხადა მესხიშვილმა.