საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ნახატების უნიკალურ კოლექციას გვიზიარებს.
როგორც კალანდია წერს, აღნიშნული ნახატები, 20 წლის ასაკში, ცნობილი მხატვრებისგან შეაგროვა და ზუგდიდში, დადიანების სასახლეში წაიღო.
“20 წლის ბიჭი ვიყავი, როცა მარტომ, ყველას დახმარების გარეშე ეს ნახატები შევაგროვე. აი ასე მოურიდებლად 1992 წელს ვურეკავდი ცნობილ მხატვრებს ლევან ცუცქირიძეს, ირინა ელიაშვილს, მამია მალაზონიას… დავურეკე ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის ოჯახის ახლობლებთან და ყველას ვთხოვე თითო ნამუშევარი…
ყველამ უანგაროდ მომცა, მთელი კოლექცია დედასთან ერთად “პაზიკის” მსგავსი მანქანით ზუგდიდში დადიანების სასახლეში წავიღე, მახსოვს ღამე ვიარეთ, მხედრიონის თავდასხმის შიში გვქონდა, მაგრამ კოლექცია უვნებლად ჩავიტანეთ, გვიანი ღამე იყო დედოფლისეულ სასახლეში რომ მივიტანეთ ეს ნახატები, საბედნიეროდ შუქი იყო ზუგდიდში და მაშინდელმა ფონდების მთავარმა მცველმა ლილი ბერაიამ გაჩახჩახებული სასახლე დაგვახვედრა, ბაბუაც ცოცხალი იყო, ძალიან გაიხარა ზუგდიდში რომ გვნახა…
მოკლედ ეს კოლექცია ჩემი ყმაწვილკაცობის მოგონებებს ინახავს და ბედნიერი ვიყავი დღეს დილას უფლისწულის სასახლის შესასვლელში ეს ნახატები რომ ვიხილე გამოფენილი,” – წერს გიორგი კალანდია.