2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
სამინისტროს განმარტებით, ეს გულისხმობს, ერთი მხრივ, გამოცდების რაოდენობის შემცირებას ოთხი სავალდებულო გამოცდიდან სამ გამოცდამდე და მეორე მხრივ, აბიტურიენტების მზაობის უკეთ შეფასებას კონკრეტული პროგრამისთვის.
„საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი“, – აცხადებენ სამინისტროში.
დღეიდან გამოცდების შედეგების გასაჩივრება შეგიძლიათ
განაცხადებს საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი კომისია განიხილავს
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით, აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ:
1. ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
2. უცხოურ ენაში.
მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.
უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება“, – განმარტავენ სამინისტროში.
უწყების განმარტებით, სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. ბიოლოგია;
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
„2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს:
1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა.
აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.
რაც შეეხება გრანტებს, სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.
მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისთვის გახდება ცნობილი, რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.