LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 პოპულარული, 2 ნაკლებად – ქართული დაცული ტერიტორიები, რომელიც უცხოელებს იზიდავთ

1734
54730838_2104939336222704_724004363663572992_o

საქართველო ტურისტული თვალსაზრისით რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა მსოფლიოში, ამაზე არავინ დაობს. ჩვენი ქვეყანა გეოგრაფიული მდებარეობის გარდა, სხვა ბევრი მიზეზის გამოც იწვევს უცხოელი ტურისტების ინტერესს, ამ მიზეზებს შორისაა: საქართველოს ბუნება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, განსხვავებული კლიმატური პირობები, სამზარეულო, ისტორია, ფოლკლორი და სხვა ბევრი რამ… მოკლედ, მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიული სიმცირისა, აქ სანახავი იმდენი რამაა, შესაძლოა, მხოლოდ ზაფხული კი არა, 4-ივე სეზონი არ გეყოთ.

ამიტომ, გაატარეთ არა მხოლოდ ზაფხული, არამედ წელიწადის ყველა სეზონი საქართველოში – ჩვენი ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით 4-ივე სეზონზე სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

10 საოცარი ადგილი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა ნახო

თვალისმომჭრელი ნაკლებად ცნობილი ადგილები, რომლებიც შესაძლოა, ჯერ არ გინახავთ

როგორც იცით, მას შემდეგ რაც რუსეთმა, ფაქტობრივად, ტურისტული ემბარგო დაგვიწესა და საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, ქვეყანაში აქტიური კამპანია დაიწყო უცხოელი ტურისტების მოსაზიდად. ერთ-ერთი ასეთი კამპანიაა „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ანუ Spend Your Summer in Georgia, რომელსაც ცხადია რადიოჰოლდინგი „ფორტუნაც“ უერთდება და საქართველოში არსებულ ტურისტულად საინტერესო ადგილებზე პერიოდულად ინფორმაციას გაწვდით.

ამჯერად, წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს, რომლებიც უცხოელ ვიზიტორებს საქართველოში ყველაზე მეტად იზიდავთ.

მანამდე კი სტატისტიკა: ბოლო მონაცემებით, ანუ 2019 წლის მაისის თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 225 596 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 37%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა.

5 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:

პრომეთეს მღვიმე

თბილისის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი

მარტვილის კანიონი

ოკაცეს კანიონი

 

პრომეთეს მღვიმე – იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში მდებარეობს. ის მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში. მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის ჯერჯერობით 6 დარბაზია გახსნილი.

 

თბილისის ეროვნული პარკი — მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ნაწილობრივ თბილისისა და ქვემო ქართლის მხარის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 600-1700 მეტრ სიმაღლეზე. პარკი უშუალოდ აკრავს ქალაქ თბილისს. თბილისის ეროვნული პარკის  ბუნებრივ ბილიკებზე მნახველს შეუძლია დაათვალიეროს ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები, შეარჩიოს მისთვის სასურველი მარშრუტები: საცხენოსნო, საფეხმავლო თუ სამანქანო. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია საბანაკე ადგილები ღამისთევისთვის.

პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები: უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ამასთან, თბილისის ეროვნული პარკი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით, მათ შორისაა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი.

 

ყაზბეგის ეროვნული პარკი – მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეს კლდეები და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველისათვის მშობლიური მიდამოებია. ყაზბეგის ეროვნულ პარკში მოსანახულებელი ობიექტებია: თრუსოს ხეობა, დარიალის ხეობა და ხდის ხეობა.

 

მარტვილის კანიონი –  ბუნების ძეგლი სოფელ ინჩხურში, სამეგრელოში. ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30-საფეხურიანი ისტორიული კიბე. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდინარე აბაშის 300-მეტრიან მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

 

ოკაცეს კანიონი – მდებარეობს ხონის მუნიციპალიტეტის (იმერეთი) სოფელ გორდის მიდამოებში. ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება. საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.

 

ნაკლებად პოპულარული, თუმცა ულამაზესი დაცული ტერიტორიები ქვეყანაში:

მტირალას ეროვნული პარკი — მდებარეობს აჭარაში, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორის.

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია მდიდარია ფლორითა და ფაუნით. გავრცელებულია ტყის მცენარეულობა, წაბლნარებით, წიფლნარებითა და კოლხური ტიპის შერეული ტყით წარმოდგენილი. ასევე აქ შეხვდებით აჭარა-ლაზეთის იშვიათ, ენდემური სახეობებს და საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებს, როგორებიცაა: გაულთერიასმაგვარი ეპიგეა, ფურისულა, მედვედევის არყი და სხვა. მტაცებელი ფრინველებიდან პარკში ბინადრობენ ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა, აგრეთვე ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი. სხვა ფრინველებიდან ბუდობს: ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური.

 

ნავენახევის მღვიმე – კარსტული მღვიმე იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე. ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. მღვიმე პირველად 30-იან წლებში პროფესორმა ლევან მარუაშვილმა გამოიკვლია. გასული საუკუნის 1981 წელს ადგილობრივმა მცხოვრებებმა – დებმა ხუჯაძეებმა მღვიმის არსებობის შესახებ პირველმა გამოაქვეყნეს პრესაში, რის შემდგომაც მღვიმის კეთილმოწყობა გადაწყდა. 2007 წელს კი მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2018 წელს ის ოფიციალურად გაიხსნა.

 

ფოტოები და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: georgiantravelguide.com. ფოტოების ნაწილი აღებულია სწორედ ვებგვერდიდან: georgiantravelguide.com