საქართველოს ახალგაზრდული აკადემია facebook-ზე ბათუმის ტრაგედიისას გარდაცვლილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დათა შომახიას ნახატებს აქვეყნებს.
“დღეს უჩვეულო გამოფენა გვაქვს. გვინდა გაგაცნოთ 12 წლის ბათუმელი ნიჭიერი მხატვარი, საინტერესო ბიოგრაფიით. ბიჭი, რომელიც ყველა ჩვენთაგანის ტკივილი გახდა. იგი ერთ-ერთია, ვინც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა. დედასთან ერთად სახლში იმყოფებოდა და ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს ამ ავბედით დღეს.
საქართველოს ახალგაზრდული აკადემია უსამძიმრებს დათას ოჯახს, მეგობრებს, კლასელებს. სიტყვებით ვერ გამოიხატება ის მწუხარება, რასაც მომხდარის გამო განიცდის მთელი საქართველო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კვირაში დაგეგმილი გამოფენები არ გვექნება.
დავით-დათა შომახია. 12 წლის. დაიბადა 2009 წლის 15 აპრილს ქ.ბათუმში, 2015 წლიდან სწავლობდა ქ. ბათუმის N3 საჯარო სკოლაში. დათა მრავალმხრივ ნიჭიერი იყო.
დადიოდა სტუდია “ანდამატში”, სადაც ეუფლებოდა ხატვას და ძერწვას. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. დაკავებული იყო ცურვით და სწავლობდა გიტარაზე დაკვრას.
2017 წლიდან სწავლობდა ინგლისური ენის ცენტრში. არაერთ საგანმანათლებლო ტურში იღებდა მონაწილეობას. აღებული აქვს უამრავი ჯილდო და სერტიფიკატი. დათა იყო ღიმილიანი, ნიჭიერი, კეთილი და იუმორით გამორჩეული ბიჭი,”- წერია facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.