LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეითსმა შემქნა კორონავირუსი, რათა ვაქცინები გაყიდოს და ადამიანებს ჩიპები ჩაუდგას – კორონავირუსთან დაკავშირებული ყველაზე პოპულარული შეთქმულების თეორიები

710
20200430.vir-.post--2020-05-05-09-42-44-350714

კორონავირუსი უკვე რამოდენიმე თვეა მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად რჩება. იქიდან მოყოლებული, რაც ჩინეთში Covid-19 პირველად დაფიქსირდა, ვირუსმა არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების ცხოვრება შეცვალა, არამედ მთელი საზოგადოების. ვირუსის გამოჩენიდან მალევე გავრცელდა სხვადასხვა მოსაზრებები და თეორიები მის შესახებ. ადამიანების ერთი ნაწილი ახალ კორონავირუსს ხელოვნურ, ლაბორატორიაში შემქნილ ვირუსად მიიჩნევს, მეორე ნაწილს მისი ბუნებრივი წარმოშობის სჯერა, მესამე ნაწილის აზრით კი არავითარი კორონავირუსი არ არსებობს. აღნიშნული თემის შესახებ გავრცელდა შეთქმულების თეორიებიც, რომელთა უმეტესობაც, რბილად რომ ვთქვათ მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია და ამ კუთხით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

წარმოგიდგენთ კორონავირუსთან დაკავშირებულ ყველაზე პოპულარულ შეთქმულების თეორიებს:

თეორია N1: ახალი თაობის 5G ანტენები ვირუსს ავრცელებს

ამ თეორიის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ახალი თაობის მობილური კავშირის ანტენების გამოსხივება სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის იმუნიტეტს და რადიოტალღებს შეუძლიათ ვირუსის გავრცელება, ან ადამიანის სიმსივნით დაავადება. მათ ერთადერთი არგუმენტი აქვთ – ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, სადაც ვირუსი პირველად დაფიქსირდა, სწორედ იმ პერიოდში 5G კავშირის სატესტო გაშვება მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, თეორიის მიმდევართა შორის ცნობილი ადამიანებიც არიან, მაგალითად ვუდი ჰარელსონი. ამ ყველაფერმა განსაკუთრებული ზარალი დიდი ბრიტანეთს მიაყენა, სადაც შეთქმულების თეორიის მიმდევარმა მოქალაქეებმა 5G ანძები დაწვეს.

ფაქტი: არ არსებობს არავითარი მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც რადიოსიგნალებით ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას ამტკიცებს. აღნიშნულს ერთხმად უარყოფენ როგორც ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია”, ასევე “დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი”.
სპეციალისტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით, ინფიცირებულ ადამიანთან ან დაბინძურებულ ზედაპირთან კონტაქტით ვრცელდება და მას 5G კავშირთან არაფერი აქვს საერთო.

რაც შეეხება იმ სავარაუდო ზიანს, რომლის მიყენებაც ახალ ტექნილოგიას ადამიანის იმუნური სისტემისათვის შეუძლია, ,,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ,,დღეისათვის აღნიშნული ტექნოლოგიის მრავალმხრივი და მრავალჯერადი ტესტირების შემდეგ არანაირი კავშირი არ არის აღმოჩენილი უსადენო ტექნოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შორის”.

თეორია N2: ბილ გეითსმა შემქნა კორონავირუსი, რათა ვაქცინები გაყიდოს და ადამიანებს ჩიპები ჩაუდგას

ამ თეორიის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ბილ გეითსს კაცობრიობის კონტროლი სურს. მათი აზრით ბილ გეითსის მიზანია მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ვაქციონას შექმნიან, მასთან ერთად ადამიანებს სხეულში ჩიპები ჩაუდგა. რაოდენ აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ თეორიასაც ჰყავს მიმდევრები ცნობილ ადამიანებს შორის. მათ შორის ერთ-ერთია რუსი ჩოგბურთელი მარატ საფინი. ამ თეორიის მიმდევრებს არგუმენტად მოჰყავთ ,,მაიკროსოფტის” დამფუძნებლის საჯარო გამოსვლა 2015 წელს გამართულ TED-ის ერთ-ერთ კონფერენციაზე, როდესაც გეითსმა ისაუბრა ვირუსზე, როგორც კაცობრიობისათვის არსებულ მთავარ საფრთხეზე და მსოფლიოს ურჩია პანდემიისათვის მზადება, თუმცა მაშინ, სამწუხაროდ, მას არავინ მოუსმინა.

ფაქტი: ჯერჯერობით გეითსს არავითარი ბენეფიტი არ მიუღია ამ პანდემიისაგან. ბილი და მისი ცოლი, მელინდა თავიანთი საქველმოქმედო ფონდის საშუალებით ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე მეცნიერთა რამოდენიმე ჯგუფს აფინანსებენ. გეითსმა ისაუბრა იმაზეც, რომ იგი გეგმავს უახლოეს ხანებში დაიწყოს სპეციალური ქარხნების შენება, სადაც მომავალში ვაქცინის მასობრივი წარმოება მოხდება, რაც საგრძნობლად დაზოგავს დროს, რადგან იმ დროისათვის, როდესაც ვაქცინა შეიქმნება, უკვე შესაძლებელი იქნება მისი მასიური წარმოება. პანდემიასთან საბრძოლველად გეითსების ფონდს ამ დროისათვის უკვე 250 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული.

თეორია N3. კორონავირუსი ბიოლოგიური იარაღია, რომელიც ლაბორატორიაში შეიქმნა

აშშ-ის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკლეების 23% ვირუსს ბიოლოგიურ იარაღად მიიჩნევს. 6%-ს მიაჩნია, რომ ვირუსი ლაბრატორიაში შეიქმნა, თუმცა შემთხვევით. ვირუსის შემქნას ხალხის ნაწილი ჩინეთს, ნაწილი აშშ-ს, ნაწილი კი ღმერთმა უწყის ვის აბრალებს.

ფაქტი: მეცნიერებმა და მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ახალ კორონავირუსს ბუნებრივი წარმოშობა აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებული კვლევა სამედიცინო ჟურნალ Narure-ში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა შეისწავლეს ვირუსის სტრუქტურა რათა დაედგინათ, იყო თუ არა ის ადამიანის მიერ შემქნილი და გაეგოთ, თუ როგორ შეიძლებოდა მას ევოლუცია განეცადა. პირველად მათ შეისწავლეს ვირუსის შესაძლებლობა, დაუკავშირდეს APF2 ფერმენტს, რომელიც გვხვდება ფილტვებში, გულში და სხვა ორგანოებში.

მიუხედავად იმისა, რომ Sars-Cov-2 საკმაოდ კარგად უკავშირდება ამ ფერმენტს, მკვლევარებმა აღმოაცინეს, რომ ეს კავშირი იდეალური არ არის. ამ და სხვა საინტერესო თავისებურებების გათვალისწინებით მათ დაასკვნეს, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა. გარდა ამისა, მეცნიერები დასძენენ, რომ ბიოლოგიური იარაღის შესაქმენლად გაცილებით მარტივია უკვე არსებული და აღმოჩენიული ვირუსის ,,გადაწყობა”, ვიდრე ახალი ვირუსის შექმნა.

თეორია N4: კორონავირუსი არც ისე საშიშია

თავიდან, როდესაც ახალი ვირუსი პირველად გამოჩნდა, მას ცოტა ვინმე თუ აღიქვამდა სერიოზულად და ძალიან ბევრი ადამიანი თვლიდა, რომ ეს ვირუსი უბრალოდ გრიპის მორიგი სახეობაა.

ფაქტი: სინამდვილეში საქმე ბევრად სერიოზულად აღმოჩნდა. დაგვიანებულმა ზომებმა და არასერიოზულმა მიდგომამ ტრაგედია გამოიწვია არაერთ ქვეყანაში. ათეულობით ათასიანი მსხვერპლი მოჰყვა ვირუსს იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში და ა.შ.

სინამდვილეში ახალი კორონავირუსი ჩფეულებრივ გრიპზე ბევრად საშიშია რამოდენიმე მიზეზის გამო.

1. ის უცნობი ვირუსია. მეცნიერებამ მასზე და იმ ზიანზე, რაც ვირუსმა შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენოს, ცოტა რამ იციან.
2. არ არსებობს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. მის საწინააღმდეგოდ აპრობირებულია მხოლოდ ერთი მედიკამენტი, “რემდესივირი”
3. კორონავირუსით ინფიცირებული 1 ადამიანი ვირუსს დაახლოებით 2.5 ადამიანს გადასდებს მაშინ, როდესაც გრიპის სხვადასხვა შტამების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1.3-ს შეადგენს.
4. მიუხედავად იმისა, რომ გრიპის გართულებებით მსოფლიოში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, გრიპით ავადობის მაჩვენებელიც გაცილებით მაღალია. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსი გაცილებით ლეტალურია, ვიდრე გრიპი.

თეორია N5: C ვიტამინი, იმბირი(კოჭა) და მათეთრებელი კორონავირუსთან ბრძოლაში დაგვეხმარება

ამ თეორიის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიოს წამყვანი მედიკოსები და მეცნიერები სულ ტყუილად ათენებენ და აღამებენ ლაბორატორიებში და ვაქცინის შექმნას ცდილობენ, რადგან ვირუსის განკურნება C ვიტამინს, იმბირს და ლიმნიან ჩაის შეუძლია. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიკოსებს კორონავირუსთან საბრძოლველად მათეთრებლის ინექციები შესთავაზა, თვითმკურნალობის სურვილი ბევრად სახიფათო გახდა, რადგან მათეთრებლისგან განსხვავებით ლიმნიანი ჩაი სასიკვდილოდ საშიში არ არის.

ფაქტი: C ვიტამინი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს იმბირიც(კოჭა), თუმცა ცხადია მათი საშუალებით კორონავირუსისგან განკურნება ან ინფიცირების პრევენცია შეუძლებელია.

რაც შეეხება დანარჩენს, არ დალიოთ მათეთრებელი. მან შეიძლება ვირუსი მოკლას, მაგრამ თქვენც ზედ მიგაყოლებთ!

 

,,5G ინტერნეტი კორონავირუსს ავრცელებს?” – მითები და ფაქტები ახალი კორონავირუსის შესახებ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები