LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“6 უმთავრესი ქმედება თამაშიდან ცხოვრებაში დასაბრუნებლად…” – რა წერილს აქვეყნებს მოქალაქე, რომელმაც ლუდომანია დაამარცხა

479
Crack-Page-Image-2

ფსიქოთერაპიის სახლი „კამარა“ საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვრცელ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას უზიარებს იმ ადამიანის გამოცდილებას, რომელმაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ჯგუფური თერაპიის ონლაინ კურსი გაიარა.

“ჩვენმა უძვირფასესმა ადამიანმა, რომელმაც ფსიქოთერაპიის სახლ კამარაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა ჯგუფური თერაპიის ონლაინ კურსი გაიარა, მადლიერების ნიშნად წერილი მოგვწერა, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. მისი სურვილით და ნებართვით გიზიარებთ წერილს, რომელსაც ვთვლით, რომ დიდი მოტივაციის მიცემა შეუძლია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ლუდომანია (თამაშდამოკიდებულება) დაუძლეველი სირთულე ჰგონია.

შენც შეგიძლია,

უბრალოდ მოინდომე

(თამაშდამოკიდებულება დაძლევადია)

(ვუძღვნი ჩემს თანამებრძოლ ძმებს, რომელთაც მასწავლეს, გამამხნევეს და დამაჯერეს, რომ მეც შემიძლია გამარჯვება;

ვუძღვნი ყველა მომავალ გაბედულ მოთამაშეს, რომლებიც ერთხელაც გაბედავენ და ყველაზე მნიშვნელოვან ფსონს გააკეთებენ –

ცხოვრებაში დაბრუნების ფსონს;

ვუძღვნი ,,კამარს” ძალიან მაგარ ფსიქოლოგებს, რომელთაც ჩვენ, გზააბნეულებს სწორი გზა გვიჩვენეს, თან მაშინ, როდესაც საერთოდ არ გვჯეროდა ამ გზის არსებობის;

ვუძღვნი ჩემს ახლობელ, ძვირფას ადამიანებს, რომელთაც ჩემგან იმაზე მეტი დაითმინეს ვიდრე შეეძლოთ და მაინც ირწმუნეს ჩემი, არ გამწირეს, არ მიმატოვეს.)

თუ თამაშდამოკიდებული ხარ, მინდა გითხრა, რომ მაქედან თავის დაღწევა შესაძლებელია. არ დანებდე, ითხოვე დახმარება, მიდი თამაშდამოკიდებულთათვის გახსნილ ჯგუფურ თერაპიაზე, მაგალითად ფსიქოლოგიურ ცენტრ ,,კამარაში“, სადაც, როგორც ჩემი ახალი მეგობრები, ძალიან ძლიერი, გაუტეხელი სულის მქონე ადამიანები იტყვიან ხოლმე – ჩვენ ხელმეორედ ვიბადებით.

ეს, რაღაც პორტალივითაა, ფანტასტიკური ჟანრის ფილმების მსგავსად, ამ სივრციდან, მოთამაშეებისთვის ცხოვრებაში დასაბრუნებელი კარი იხსნება, მთავარია მოინდომო, რომ ეგ კარი იპოვო და ამაში სხვებიც აუცილებლად დაგეხმარებიან.

ხოლო იმას, რაც ქვემოთ წერია, ჩემი პირადი გამოცდილებაა, უფრო სწორად ის მცირე ნაწილი, რისი გადმოცემაც შევძელი. მგონია, თუ ყურადღებით გაეცნობი, გამოგადგება, სულ ცოტათი მაინც.

6 უმთავრესი ქმედება თამაშიდან ცხოვრებაში დასაბრუნებლად

1. პირველი რაც უნდა გააკეთო ეს არის რეალობის სიმძიმის გააზრება, აღიარება საკუთარ თავთან, რომ ძალიან ღრმად შეტოპე, რომ აქ ვერანაირ პროცესებს ვეღარ აკონტროლებ, ფულისა და დროის გარდა, ყველაზე უფრო ძვირფას, საკუთარ თავს კარგავ, საკუთარ პიროვნულ თვისებებს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ შენ ავად ხარ და განკურნება გჭირდება. ამიტომ, ამ ყოველივეს გააზრების შემდეგ ,,გულგახეთქილი” და შეშინებული უნდა გამოიქცი აქედან, რათა, რაც შეიძლება დიდი მანძილის დაფარვა შეძლო, რაც შეიძლება მეტად დისტანცირდე თამაშისგან.

2. რაც შეეხება თამაშიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას, ის იმდენად მყარი უნდა იყოს, რამდენადაც ამას შეძლებ და ამას მართლაც შეძლება სჭირდება. ერთი შეხედვით ძალიან მარტივი, თუმცა, ამავდროულად, პრაქტიკულად საკმაოდ ძნელი ნაბიჯი, მყარი გადაწყვეტილება, ბევრ რამეს განსაზღვრავს მოთამაშის გამოჯანმრთელების გზაზე. უფრო მეტიც, ეს გზის დასაწყისია და ახლა თუ არ იქნები მიზანდასახული, გაგიჭირდება შემდეგში მისი მოპოვება. კარგად დაუკვირდი და ყოველი ,,თუ”-ობა გამორიცხე, ყოველი ნაპრალი ამოავსე შენსა და თამაშს შორის აღმართულ კედელზე. მოკლედ, ყურადღებით გადაამოწმე ეს შენი გადაწყვეტილება არ დაიზარო, არ შეუშინდე სიმართლის აღიარებას, სუსტი წერტილების აღმოჩენას, ხშირად გადაამოწმე და უფრო და უფრო გაამყარე გადაწყვეტილება.

3. პრობლემის ძირეული წყაროს ძიება ჯერ ადრეა, რადგან ის შენშია და ღრმად არის დამარხული. ის დამარხულია საკუთარ მიდრეკილებებსა და სისუსტეებს შორის, გამოუყენებელ უნარებსა და ნიჭებს შორის, რომლებმაც არასწორი მიმართულებით იწყეს ხარჯვა, მაგრამ ამის აღმოჩენა ჯერ ძალიან ადრეა შენთვის. ადრეა იმიტომ, რომ შენ ჯერ საკუთარი თავი გყავს ცხოვრებაში დასაბრუნებელი, რათა შემდეგ გამოიკვლიო ის, დაკავდე თვითშემეცნებით, ამ ყვალაზე სასარგებლო და სასიამოვნო პროცესით. მაგრამ ეს ჯერ ძალიან ადრეა. ამიტომ მოგინდება ბრალი დასდო ყველას და ყველაფერს. მოგინდება აგინო სათამაშო ბიზნესი და აგინე კიდეც თუ გინდა, მაგრამ ეს არაფერს მოგცემს, ბევრს არაფერს. სხვა გარშემომყოფებიც შეიძლება დაადანაშაულო, მაგრამ იცოდე რომ ცდები, დროა ზრდასრულივით მოიქცე, აიღო პასუხისმგებლობა და საქმეს შეუდგე. თუ ძალიან გინდა უკანასკნელად შეაგინე ბუკმეიკერებს და გამოიქეცი, უკანმოუხედავად გამოიქეცი, ზურგი აქციე და მტკიცე ნაბიჯებით განაგრძე შენი, ნამდვილი, ცხოვრებისეული გზა.

4. პასუხისმგებლობის აღება ერთი დიდი ნაბიჯია, რომლის გარეშეც არ არსებობს არანაირი წარმატება. თუ ამას შეძლებ, ეს ნიშნავს, რომ შენ ძალიან ძლიერი ხარ. ახლა კი, დროა ძალიან ჭკვიანიც იყო. არ აგერიოს პასუხისმგებლობის აღება, თვითგვემასა და ბრალეულობის მუდმივ მტანჯველ განცდაში. მხოლოდ სულ ცოტა, ძალიან ცოტა, იქნებ კარგიც იყოს, მაგრამ ამით მაზოხისტურ ,,ტკბობას” ნუ მიეცემი, თორემ დაგღუპავს. მაშ რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება? – ალბათ იკითხავს ვინმე. სინამდვილეში ეს ძალიან მარტივია. შენ იღებ პასუხისმგებლობას ამ არსებულ მდგომარეობაზე და არ ეგუები, არ ემორჩილები მას, იწყებ ბრძოლას. და თუ ამას გადაწყვეტ, თუ ამას ქმედებაში მოიყვან, ჩათვალე უკვე გამარჯვებული ხარ, ამიერიდან მხოლოდ ისღა დაგრჩენია გზას არ გადაუხვიო და გამარჯვების დღეებით დატკბე, ესეგი ამიერიდან ყოველი დღით.

5. ახლა, როდესაც ბრძოლის დასაწყისში ხარ, შესაძლოა ვერ ხედავ შენს ადგილს იქ, სადაც დაბრუნება გადაწყვიტე, ანუ ვერ ხედავ საკუთარ თავს რეალურ ცხოვრებაში. შენ ალბათ თვლი, რომ იქ დიდად მნიშვნელოვანს და გასახარს ვერაფერს იპოვნი, ვერ ისიამოვნებ რამე ცხოვრებისეულით, მაგრამ ცდები, თუ ცოტათი მაინც მოინდომებ და საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიზარებ, ძალიან, ძალიან საინტერესო და კარგ რამეებს აღმოაჩენ ცხოვრებაში. ჯერ მხოლოდ საკუთარ თავში მთელ სამყაროს იპოვნი, თუ კი შეეცდები მის გაცნობას, რა თქმა უნდა. მოკლედ, შენ შეგიძლია, არათუ უბრალოდ დაბრუნდე ცხოვრებაში, არამედ განახლებული და განვითარებული დაბრუნდე.

6. თუ ცოტა მაინც გიბრძოლია, მაშინ იცი რომ ეს პროცესი არც ისე ადვილია. ბრძოლა მოგიწევს, ჭრილობების ატანაც უნდა ისწავლო და მათი მოშუშებაც. ზოგჯერ დაიღლები, მარტოსულად და მოწყენილად იგრძნობ თავს, იწვალებ, მაგრამ ეს ყველაფერი გაძლებადია. ამ დროს გახსოვდეს, რომ ესეც გაივლის და ამ სიმძიმის წილად ჯილდოს მიიღებ. და ესეც არაფერი, მოვა დრო და დიდ სიცარიელეს იგრძნობ შენში, აუტანელ სიცარიელეს, მაგრამ იცოდე რომ ეს ყველაზე დიდი შესაძლებლობაა შენთვის. თუ აქამდის მოხვალ, ამ მტკივნეულ, აუტანელ განცდამდის, როდესაც დიდი სიცარიელე იგრძნობა შენში, გილოცავ, შენ უკვე გზის ერთი მონაკვეთი გავლილი გაქვს, თამაშდამოკიდებულებისგან გათავისუფლების გზა. ახლა კი დროა ახალ გზას დაადგე, სისავსის გზას, საკუთარი თავის შევსების, შენების გზას. ეს გზა უკვე მსუბუქი, ტკბილი და სასიამოვნოა, მთავარია იცნო ის, მთავარია იპოვნო ამ გზის დასაწყისი, სხვა მსგავს გზებში არ აგერიოს, ეცადე არ შეცდე, რადგან აქ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იწყება შენთვის. კარგად დაუკვირდი შენს თავს და თუ შენს თავს უკეთ გაიცნობ გზის არჩევაშიც აღარ შეცდები.

6 მთავარი ხელის შემშლელი მიზეზი თამაშდამოკიდებულების მოგვარების გზაზე:

1. თამაშდამოკიდებულების პრობლემის სათანადოდ არ შეფასება:
ა) ილუზია, რომ თამაშის პროცესის მართვას ოდესმე შეძლებ, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. თამაშდამოკიდებული ადამიანი თამაშის პროცესში ყოველგვარ ნებას და მთლიანად საკუთარ თავს კარგავს და ამის სათანადოდ ვერგაცნობიერება ფაქტობრივად აქედან გამოსვლის შანსს აღარ ტოვებს;
ბ) რეალურ პრობლემად წაგების აღქმა და არა თავად თამაშის პროცესის, ანუ მთავარი ყურადღების შედეგზე გამახვილება და არა მიზეზებზე.
2. მტკიცე და უკომპრომისო გადაწყვეტილების არ მიღება:
ა) არ დაკვირვება და არ გამოძიება, რამდენად მყარად მაქვს გადაწყვეტილი აქედან გამოსვლა;
ბ) მუდმივი კონტროლის არ ქონა უკვე მიღებული გადაწყვეტილებისა, არ დაკვირვება და მუდმივად არგანახლება, არგამყარება მისი.
3. პრობლემის წყაროს გარეთ გატანა და დამნაშავეების იქ ძიება:
ა) მთავარი დამნაშავე სათამაშო ბიზნესია;
ბ) დამნაშავეა სახელმწიფო;
გ) დამნაშავეა ოჯახი, მეგობრები, უახლოესი გარემოცვა;
დ) დამნაშავეა ბედი. არ მიმართლებს, ბედი არ მაქვს.
4. საკუთარი თავის ბრალეულად, დამნაშავედ ყოფნის მსჯავრდადება და ასეთად იდენტიფიცირება, ერთგვარი შურისძიება საკუთარი თავის მიმართ.
5. უპერსპექტივობა, საკუთარი თავის რეალურ ცხოვრებაში ვერ დანახვა. ვერ დანახვა იმის, რომ თამაშის გარეშე შეძლება ცხოვრებაში სხვა, ჯანსაღი, ,,კაიფის” ნახვა და ამის გამო ცხოვრების ნაცრისფერ, უღიმღამო ფერებად აღქმა.
6. ბრძოლისგან გამოწვეული ტანჯვის დაუსრულებლობის შიში და ამ ყოველივეს აუტანლობის განცდა”, – წერს კამარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები