თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე 77 წლის ქალმა გამოძიებას ჩვენება მისცა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, ჩვენებაში ქალი ამბობს, რომ შვილიშვილი მასზე ძალადობდა და ღამით სახლში კეტავდა, მაშინ როცა ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ქალი, რომლის შვილიშვილიც მასთან მიმართებაში სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებითაა დაკავებული, „რუსთავი 2“-თან საუბარში სექსუალური სახის შევიწროებას უარყოფს. თუმცა, ადასტურებს, რომ შვილიშვილი მას თავისუფლებას უზღუდავდა და გარეთ არ უშვებდა. სექსუალური ხასიათი დანაშაულს უარყოფს ბრალდებულის მამაც.
კახეთში 26 წლის შვილიშვილი 77 წლის ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააპატიმრეს
კახეთში 26 წლის შვილიშვილი 77 წლის ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააპატიმრეს
მომხდარზე სამართალდამცველებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც ქალმა ამის შესახებ მეზობელს უამბო. დაზარალებულისგან განსხვავებით, ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ 26 წლის შვილიშვილის მხრიდან იყო ფიზიკური ანგარიშსწორება და სექსუალური ხასიათის ძალადობა. ფაქტი თითქმის 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ქალი კი ამაზე არ საუბრობდა.
მეზობელი ამბობს, რომ იძულებული გახდა მიემართა 77 წლის ქალის შვილისთვის, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ის ასევე ამტკიცებს, რომ მოხუცს სხეულზე ძალადობის კვალი ამ დრომდე ეტყობა. 77 წლის ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
„ეს ქალი ჩემთან იყო, ვერ მიდიოდა სახლში, ეშინოდა. ამბობდა, არ მინდა სახლში წასვლაო. ლოგინში უწვებოდა.. ელოდებოდა თავის შვილს, რომ თავის შვილთან ერთად შესულიყო. მის შვილს დავურეკე, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ვუთხარი, ჩამობრძანდი და მიაქციე ყურადღება-მეთქი. ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა, თბილისშიც და თელავშიც. მაგის გაზრდილია ეს ბავშვი“,- ამბობს მეზობელი „რუსთავი 2“- თან საუბარში.
სოფელში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ ყველა შეშინებულია.
„გავეცანი მასალებს და ვნახე ბრალდებული, თემაც ისეთია, რომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, პატიმრობა გუშინ შეუფარდა სასამართლომ“,- ამბობს გია ფარადაშვილი, დაკავებულის ადვოკატი.
დანაშაულის შესახებ ცნობილი 25 აპრილს გახდა, 26 წლის კაცი ბებიაზე სისტემატური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
მედიაში გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და შემდეგ, ძარცვისთვის არის ნასამართლევი.
ბებიის მიმართ დანაშაულის ჩადენის დროს, ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
პროკურატურის ინფორმაციით, პირს, რომელიც ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით არის დაკავებული, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.