LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6-7 პლაზმა გვაქვს, რომლებიც ამდენივე ადამიანს გადაარჩენს – ცერცვაძე “ფორტუნასთან” მკურნალობის იშვიათ მეთოდზე

432
FORTUNA.GE (17)

საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმისგან კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ.

როგორც “ფორტუნას” თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, პლაზმა ორ უკიდურესად მძიმე პაციენტს გადაუსხეს და ორივე შემთხვევაში მკურნალობის ეს მეთოდი წარმატებული აღმოჩნდა.

“სისხლის პლაზმით მკურნალობის მეთოდი უკვე დავნერგეთ.

გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის პლაზმას ვაკეთებთ და ამით უკვე ორი ადამიანი გადავარჩინეთ. ორ უმძიმეს პაციენტს გადავუსხით უკვე, რომლებთანაც სხვა მკურნალობა ეფექტიანი არ იყო. ორივე გადარჩა.

ერთ-ერთი იყო 83 წლის ქალი ეკატერინე ლამაზიანი, რომელიც რეანიმაციაში იწვა და ფაქტობრივად განწირული იყო, ყველა სხვა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.

ეს პლაზმა გადავუსხით და 3-4 დღეში ვირუსი გაქრა და ის გადარჩა” – განაცხადა ცერცვაძემ “ფორტუნასთან”.

მისივე თქმით, უფრო ფართედ ამ მეთოდს ვერ დანერგავენ, რადგან ამდენი დონორი ფიზიკურად არ არსებობს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში კორონავირუსისგან 817 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ ძალიან ცოტა ნაწილს გამოუმუშავდა მყარი იმუნიტეტი.

“უფრო ფართოდ მკურნალობის ამ მეთოდს ვერ გამოვიყენებთ, რადგან დონორი ცოტაა. ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გადასასხმელად არ ვარგა, იმიტომ რომ ამ პაციენტს დამცავი ანტისხეულები უნდა ჰქონდეს მაღალ ტიპში. ყველას ასე არ აქვს.

ყველა გამოჯანმრთელებულს ვთავაზობთ პლაზმის გაღებას, ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს. ჩვენ რომ გავსინჯეთ, ყოველი 10 დონორში მხოლოდ ერთს აქვს იმდენი ანტისხეული, რაც საჭიროა სხვა პაციენტის განკურნებისთვის.

ამაზე ისედაც მიდის მსჯელობა როგორ იმუნიტეტს ტოვებს კორონა. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ის დონორები, რომლებსაც ვირუსმა მყარი იმუნიტეტი დაუტოვა. ასეთი ძალიან ცოტაა.

კიდევ ერთი შეზღუდვა ისაა, რომ ამ დონორს არ უნდა ჰქონდეს რაიმე თანმხლები დაავადებები, ონკოლოგიური დაავადება, გულის უკმარისობა, დიაბეტი. ასეთი პლაზმის გამოყენება არ შეიძლება. ეს პლაზმა უნდა იყოს სუფთა, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს შიდსი, ჰეპატიტი, სიფილის. უნდა იყოს შესაბამისი ჯგუფის და რეზუსის,” – განაცხადა ცერცვაძემ ფორტუნასთან.

ამ დროისთვის ბანკში 6-7 პლაზმაა, რომელსაც იმ პაციენტებთან გამოიყენებენ, რომლებთანაც მკურნალობის სხვა მეთოდები უშედეგო აღოჩნდება.

“ეს ყველაფერი რომ გაიცხრილა, სულ შევძელით 6-7 პლაზმის დამზადება, ამიტომ მასობრივად მას ვერ გამოვიყენებთ, თუმცა ჩვენს სტატისტიკას თუ შევხედავთ, ეს 6-7 არ არის ცოტა, ამდენივე ადამიანს გადაარჩენს.

ეს პლაზმა შეიძლება ცოტაა იტალიისთვის, აშშ-სთვის და სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ საქართველოში სულ 15 კაცი გვყავს გარდაცვლილი, იმ 15 გარდაცვლილში 5 რომ გადაარჩინო უკვე მიღწევაა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “ფორტუნასთან”.

 

FORTUNA.GE ასევე დაინტერესდა ხომ არ მიმდინარეობს საქართველოში ვაქცინაზე მუშაობა ლუგარის ლაბორატორიაში, რაზეც იმუნოლოგმა პაატა იმნაძემ განგვიცხადა, რომ არა.

შეგახსენებთ, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც პანდემიის პერიოდი მინიმალური ადამიანური დანაკარგით გადაიტანეს. ვირუსი ამ ეტაპზეც ცირკულირებს ქვეყანაში, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა ევროპის გარშემო ყველგან დაბალია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 939 შემთხვევაა. აქედან 817 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. სტაციონარში მეთვალყურეობას 3080 ადამიანი გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები