ყველაზე ცნობილი რუსი ოლიგარქი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა: მიუხედავად იმისა, რომ რომან აბრამოვიჩი ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო ურთიერთობას უარყოფს, მის კომპანიას რუსეთისთვის ტანკების დამზადებაში ადანაშაულებენ.
საქმე ისაა, რომ აბრამოვიჩის შესახებ BBC-იმ დოკუმენტური ფილმი მოამზადა და ეთერში გუშინ ღამით გაუშვა. ფილმში ცნობილი ოლიგარქის დანაშაულებრივ საქმიანობაზეა საუბარი და ვარაუდია გამოთქმული, რომ აბრამოვიჩმა ქონება კრიმინალური გზით დააგროვა. ცხადია, რუსი ოლიგარქის ადვოკატები ამ ბრალდებას უარყოფენ, თუმცა BBC-ის დოკუმენტურ ფილმში სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ საუბრობენ, რომლითაც აბრამოვიჩი მილიარდერი გახდა. გარდა ამისა, ფილმში ის მოხსენიებულია „პუტინის ფულის კაცად“.
ყველაზე მძიმე ბრალდება კი თავად რუსეთ-უკრაინის ომს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, აბრამოვიჩს პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და მოსკოვს უკრაინაში შეჭრის დაფინანსებაში ეხმარება. მეტიც, BBC-ის დოკუმენტურ ფილმში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ ამზადებდა აბრამოვიჩის ფოლადის ფირმა ტანკებს რუსეთისთვის.
რომან აბრამოვიჩი ისრაელში არ შეუშვეს - რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ რუსი ოლიგაქრი უკან გაბრუნდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, აბრამოვიჩს სანქციები ავსტრალიამ და დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც დაუწესა
აღსანიშნავია, რომ რომან აბრამოვიჩი დასავლეთის ქვეყნების მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს გაურბის. უცხოური მედია წერს, რომ შესაძლოა, ის უკვე მოსკოვში გაიქცა. გუშინ, „ჩელსის“ მეპატრონეს რომან აბრამოვიჩს თელ-ავივის აეროპორტში ფოტო გადაუღეს. სანქცირებული რუსი მილიარდერი „ბენ გურიონიდან“ სტამბოლში მიფრინავდა. ფოტოზე აბრამოვიჩი აეროპორტის VIP ლაუნჯში ზის. აბრამოვიჩის თვითმფრინავი Gulfstream G650ER თურქეთში გუშინ, შუადღის სამ საათზე დაეშვა.
აბრამოვიჩმა საკუთარი სუპერიახტების და კერძო თვითმფრინავის გადამალვაც დაიწყო. მაგალითისთვის, მისი 445 მილიონ ფუნტიანი სუპერ იახტა Solaris ამჟამად მოძრაობს ადრიატიკის ზღვიდან, ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით, იტალიასა და ალბანეთს შორის, და თავს არიდებს საბერძნეთის სანაპიროებს. ის თურქეთში, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე ჩავა. მეორე სუპერიახტა Eclipse კი ამჟამად, ლიბიის სანაპიროზე, აღმოსავლეთით მიემართება და შესაძლოა, ისიც თურქეთში ჩავიდეს.
რაც შეეხება კერძო თვითმფრინავებს, აბრამოვიჩის ძვირად ღირებული Boeing 767, მეტსახელად „ბანდიტი“ ლონდონის სტენსტედიდან გაფრინდა მანამ, სანამ დიდ ბრიტანეთში რუსული კერძო თვითმფრინავის აკრძალვა ამოქმედდებოდა. რუსი ოლიგარქის კიდევ ერთი თვითმფრინავი კი ამჟამად, უკვე დუბაიშია.