„არასერიოზული და აბსურდულია. როგორ შეიძლება ადამიანმა ერთ თვეში 4 ათასი ლიტრი ბენზინი დაწვას“, – ასე აფასებს „ფორტუნასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მათი პარტიის ლიდერი, ნიკა მელია თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.
„დღეში 10 ლიტრი ბენზინის დახარჯვა, რომ ვიანგარიშოთ, არასერიოზული ბრალდებაა.
თუ ჩავთვლით, რომ წელიწადში 4 ტონა ბენზინს ხარჯავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ანუ დღეში 100 კილომეტრს დადის? ეს ხომ წარმოუდგენელია. თოფურიძის განცხადება თავიდან ბოლომდე არის შეთითხნილი „ქართული ოცნების“ ტროლების მიერ.
მიზანი გასაგებია: უნდათ, დაბნეულობა შეიტანონ ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. როგორც ხედავთ, გვიწევს კომენტარების გაკეთება და შემდეგ ამბობენ, რომ ხედავთ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ამბავს გამოეხმაურნენო“, – ამბობს გოცირიძე „ფორტუნასთან“.
„ფორტუნას“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, რომ ნიკა მელია ამ დროისთვის სოსო თოფურიძის განცხადების შეფასებას და საკითხზე კომენტირებას არ გეგმავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი ბაჩო დოლიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია.
ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, საჯარო განცხადებამდე საჭიროა ინფორმაციის დაზუსტება, რადგან მსგავს ცრუ ინფორმაციას შეუძლია, დააზიანოს პროცესი და დაუმსახურებლად ჩირქი მოსცხოს ადამიანს.
„არ ვიცი, რა შეფასება მივცე. თუ ასეთივე „დაზუსტებული“ მეთოდით მუშაობდა ეს ბატონი, გასაგებია, რა შედეგიც მივიღეთ ხომ? წესით და რიგით, ჯერ უნდა დააზუსტო ინფორმაცია, გაერკვიო, რა არის მართალი და ტყუილი და შემდეგ უნდა აკეთო საჯაროდ განცხადებები, მაშინ, როდესაც მსგავს ცრუ ინფორმაციას შეუძლია, დააზიანოს პროცესი და ჩირქი მოსცხოს დაუმსახურებლად ადამიანს. არ ვიცი, რა გითხრათ, ზოგი ადამიანი 2013 წლიდან იბრძვის და არის ბევრი, რომელიც 2013 წლის შემდეგ თვალით არ გვინახავს. დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.“ – ამბობს დოლიძე.
კითხვას, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ გაასაჯარაოს ფინანსები, – ბაჩო დოლიძე ასე პასუხობს:
„თუკი ვინმეს შეუძლია ამ ყველაფრის გავრცელება და ღიად საუბარი, დამიჯერეთ, პირველ რიგში, ისევ ჩვენ ვართ.
ასე რომ, მსგავსი რაღაცა უაზრო სპეკულაციებით უბრალოდ ვერც დაგვაშინებენ და ვერც ვერაფერს დაგვაკლებენ. ეს ჭორიც არ არის, ეს არის ძალიან მდაბიო, იაფფასიანი პოლიტიკური ჭორაობა, რომელსაც ერთდღიანი რეზონანსი შეიძლება, ჰქონდეს“.
ცნობისთვის, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო თოფურიძე საქართველოში პირველი ორი ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს. მას ბრალად ედება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, წამება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ის ახლა ბულგარეთს აფარებს თავს.
შეგახსენებთ, სოსო თოფურიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მიმართვა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თანხების არამიზნობრივ დახარჯვასთან დაკავშირებით.
„პატივცემულო საზოგადოება, მე, მივიღე სიგნალი , ერთიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ .
გაცნობეთ თქვენ, ხალხს, ვინაიდან ყველა ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს თქვენთვის!
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე თუ რამე თანხა ირიცხება, ის თანხა პირადი ფუფუნებისთვის არ უნდა იხარჯებოდეს თუ საჩუქარს იღებს , დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს! სამწუხაროდ, ხალხში უნდობლობა გაჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, კეთილი ინებეთ, ხალხს დაელაპარაკეთ და სიმართლე უთხარით, რა ხდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და რატომ ვრცელდება ხმები ,
პარტიის შიგნით ფიზიკურ დაპირისპირებაზე?!
სანამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას გააკეთებს ,
მე , ხალხს გავაცნობ კონკრეტულ ინფორმაციას:
ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის
ნიკანორ მელიას
ფეისბუკგვერდის რეკლამაზე დახარჯულ,
ენმ ს გადარიცხულ თანხებს
დახარჯული თანხა შეადგენს : 177 583 $
4 აგვისტო 2020 წელი
3 თებერვალი 2022 წელი.
/ წყარო , ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკა /
მე, არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ხალხს წარვუდგენ საჯარო ინფორმაციას, დახარჯული თანხის შესახებ!
განუმარტეთ საზოგადოებას, რატომ ხდება, რომ ხალხი შიმშილობს და თქვენ, ოპოზიცია,
ჩემი აზრით, უზარმაზარ თანხებს ხარჯავთ არამიზნობრივად?!
საქართველო კორუფციის გარეშე !
პატივისცემით,
პოლიტდევნილი,
პოლიციის და სამხედრო პოლკოვნიკი
იოსებ თოფურიძე
06.10.2022 წელი“. – წერს სოსო თოფურიძე.
აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებამდე კი სოსო თოფურიძემ დაწერა, რომ ერთი წლის განმავლობაში ნიკა მელიამ დახარჯა 4 ტონა საწვავი.
„რა უჯდება ნაციონალურ მოძრაობას ,
თავმჯდომარის, ნიკა მელიას შენახვა :
Facebook- 500 000
დაცვის ხელფასი:
18 000. თვეში!
საწვავი 4 ტონა :
12 000. თვეში!
ხელფასი – 10 000
თვეში !
უცხოეთში ვოიაჟები :
41 000 !
ჯამი – 81 000 თვე
პლიუს რეკლამები,
სულ, წელიწადში
1 471 000 !!!!”, – წერს თოფურიძე.
სოსო თოფურიძის ფეისბუკ პოსტს დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ.
იხილეთ ვრცლად: