LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ჰარმონიული ოჯახი: „არც მიფიქრია სხვანაირ ცოლზე… მიყვარს ძლიერი და ჭკვიანი ქალები…“

1803
აჩიკო და ნუცა მთავარზე

აჩიკო სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ჰარმონიული წყვილი ოჯახურ ცხოვრებას მეგობრობის, ურთიერთგაგების, პატივისცემისა და სიყვარულით შექმნილ მყარ ფუნდამენტზე ეწევა.

ამას წინათ, ნუცამ ტელეეთერში თქვა, რომ მეგობრობა ცოლ-ქმარს შორის ბევრ რამეს ამარტივებს. თქვენი შემთხვევაც ასეა?

ნუცა:

ჩვენი შემთხვევა რომ ზუსტად ეს არის, ამიტომაც ვამბობ ასე ხმამაღლა – არ მიყვარს რჩევების გაცემა, მიყვარს საკუთარი გამოცდილებით საუბარი. ჩვენ შემთხვევაში ნამდვილად ასე იყო – დიდმა მეგობრობამ და მეგობრობის სურვილმა მოიტანა ის, რომ დაგვრქმეოდა ცოლი და ქმარი, მერე უკვე ის, რომ გვყოლოდა შვილი და ის, რომ ახლა გვქვია ოჯახი. ეს ყველაფერი მეგობრობის დამსახურება მგონია.

აჩიკო:

მეგობართან ადამიანს, თუ ნამდვილი მეგობარია, არაფერი უჭირს – არც ურთიერთობა, არც სიყვარულის გაზიარება, არც პრობლემის გადალახვა. როცა სტატუსი არის მეგობარი, ეს ყველა პრობლემას თავის ადგილას ალაგებს და ყველაფერი მარტივი ხდება.

ერთად ვართ 11 წელია… ჩვენს გულის ჭიას ვახარებთ, იმას ვაკეთებთ, რაც გვიყვარს, ორივე დაკავებულები ვართ, ორივე ეკრანზე ვართ. ვიღლებით, როგორ არა… მაყურებელს ხანდახან ჰგონია, რომ სილაღე, ბედნიერი სახეები, რასაც მიჩვეულია, სულ ასეა. ეს არის რა თქმა უნდა, შიგნით რაც ვართ, ის გამოდის გარეთ, მაგრამ ამის მიღმა არის ცხოვრება იმავე პრობლემებით, სუპის კეთებით თუ სხვა რამით… მე რომ მნახოთ, იატაკის ტილოთი რა დღეში ვარ სახლში, ან ნუცა – სამზარეულოში… უბრალოდ, ზოგჯერ დრო არ გვრჩება იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგად ჩავერთოთ ოჯახურ ცხოვრებაში და უფრო მეტი სიამოვნება მივანიჭოთ ერთმანეთს, იცის ნუცამ, როგორ ვგიჟდები ჭამაზე და მის მომზადებულზე, როცა სამზარეულოშია, სასწაულად აკეთებს ყველაფერს, როცა ვიცი, რომ ძალიან დაღლილია, ეს რა ნამუსით უნდა მოვთხოვო.

ეს თვისება ბევრ მამაკაცს არ აქვს…

ჩვენ ახლა ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ ჩვენს მკითხველს, ვერავის მივცემ რჩევას, მაგრამ როცა ვუყურებ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი დაღლილია, მე რატომ არ უნდა შევწვა კარტოფილი და აქეთ რატომ არ უნდა ვასიამოვნო.

ნუცა:

ჩემს თავზე არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ მგონია, აჩიკო არის იმაში დარწმუნებული, რომ თუ შემიძლია, თქმას არ დავაცდი და თავად გავაკეთებ. არ ვწუწუნებ, მაგრამ საკმაოდ ვიღლები. დიდი ხანია, ტელევიზიაში ვარ, ყოველთვის ერთ გადაცემაზე მეტი მქონდა, გარდა ამისა, პატარ-პატარა ბიზნესები მაქვს. როცა ფიქრობ, რაღაც კარგად გამოგივა, აუცილებლად უნდა სცადო.

რა ბიზნესები გაქვს?

მაქვს სარეკლამო კომპანია „თრულაილა“, რომელსაც პანდემიის დროს, როგორც ყველა სარეკლამო კომპანიას, საკმაოდ გაუჭირდა… ასევე გავაკეთეთ ინტერიერისთვის საჭირო ნივთების გვერდი „კუთხე“, რომელსაც „ინსტაგრამზე“ იპოვით – ვამზადებთ სუფრებს, ხელსახოცებს, ბალიშის პირებს, ნაჭრებით რაც იკერება, მაგრამ მალე დავამატებთ ისეთ ნივთებს, როგორებიცაა ტახტი, სავარძელი და ა.შ.

აჩიკო, ფიქრობდი, რომ ასეთი საქმიანი მეუღლე გეყოლებოდა?

არც მიფიქრია სხვანაირზე… მე ძალიან მიყვარს ძლიერი და ჭკვიანი ქალბატონები. ქალი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცი. ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ადამიანი შემხვდა, რომელიც ძალიან ძლიერია. წარმატებული ქმრის უკან ძლიერი ქალბატონი დგას.

მგონია, მარტო იმიტომ ვართ ბედნიერები და ასე კარგად ერთმანეთთან, რომ ორივემ ვიცით შრომის ფასი. ნუცამ იცის, მე რომ დაღლილი მოვდივარ, რას ნიშნავს ეს დაღლა და პირიქით.

ხარ ხოლმე უჟმური?

რა თქმა უნდა. სახლში ვარ მოშვებული. სახლში არ მიწევს მაყურებელთან ურთიერთობა, რომელიც დასტრესილი გარემოდან გამომდინარე, მინდა, დადებითად დავმუხტო. ვცდილობ, სულ კარგ ხასიათზე ვიყო. ღიმილით და ღიღინით ვიწყებ. დღის ბოლოს მეც გამდის ვადა. დღის ბოლოს ვარ ვადაგასული…

ნუცა, წარმატებული ქალების უკან არ დგანან ძლიერი მამაკაცები?

ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ასეა. უჟმური ახსენეთ – აჩიკო ხშირად სახლში არის სხვანაირ ხასიათზე, უჟმურს ამას ვერ დავარქმევდი. დაღლილ აჩიკოსაც შეუძლია, დაღლილ ნუცას ისეთი მოტივაცია მისცეს, მყოფნის კი არა, საკმარისზე მეტია. როცა ვერ ხვდები, რომ შენთვის მოტივატორია და გამწევი ძალაა, ჩემი აზრია, რომ არ ღირს ასეთ ადამიანთან დროის დაკარგვა. რამდენიმე დღის წინ გავუმხილე, რომ მინდა, ინტერიერის დიზაინი საფუძვლიანად ვისწავლო. ვფიქრობდი, რას იტყვის-მეთქი. პირველი რეაქცია იყო ის, რომ აჩიკოსგან მივიღე ხელშემწყობი წინადადებები, რომ ამაში უფრო გავძლიერდე. ეს მახარებს, რა თქმა უნდა და ძალიან დიდი ძალაა ჩემთვის.

თქვენს ულამაზეს პატარაზე მინდა გკითხოთ. რა სიამოვნებაა მასთან ურთიერთობა?

აჩიკო:

სულ სხვა პასუხისმგებლობა შევიძინე ცხოვრებაში. ბევრად უფრო ფრთხილი გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. მამობა ღმერთისგან დიდი საჩუქარია, ყველა მამაკაცს ვუსურვებდი, იყოს მამა.

ნუცა:

ვადის გასვლა ვახსენეთ და სანი არის ის, ვინც არ გვაძლევს ამის საშუალებას. რაც უნდა დაღლილები მივიდეთ სახლში, მასთან ერთად გადაღებული თითოეული წუთი არის ბედნიერების წყარო. თუ ისე დაემთხვა, რომ მხოლოდ ჩვენ სამნი ვართ, მეტი არავინ არ გვინდა ხოლმე. არ ვიცი, სახელის ბრალია, თუ რისი – მართლა სანია და ასხივებს ბედნიერებას. გვაბედნიერებს. ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ტაში…

ამ ღია ფერებით ვის ჰგავს?

დედამთილს ჰგავს. სულ მეკითხებიან, ჰგონიათ, რომ მწყინს, მას რომ ჰგავს. არა. ულამაზესია ჩემი დედამთილი, ფანტასტიკური ფერებითაა სანი შემკული და ეს მარინას დამსახურებაა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g