LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღსრულების ბიურომ იძულებითი გამოსახლებები განაახლა, ასობით ადამიანს უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე ემუქრება: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

157
11

“საქართველოში შესაძლოა, გამოსახლებების ახალი ტალღა დაიწყოს და ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩეს”, – ამის შესახებ განცხადებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიმდინარე წლის 1 მარტს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით, საცხოვრისიდან იძულებითი გამოსახლების საქმეებზე კვლავ ძველი, პანდემიამდელი, რეჟიმი გავრცელდა, რაც ქვეყანაში გამოსახლების ტალღების დაწყებას ნიშნავს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ადამიანების ჭერის გარეშე დარჩენის პრევენციული ღონისძიებების არარსებობისას და იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის დასაწყისისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში გამოსახლების საქმეების რაოდენობა უკვე 1800-მდე იყო, სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასობით შინამეურნეობას ქუჩაში, უსახლკაროდ დარჩენის რეალური რისკის ქვეშ აყენებს.

“მივიჩნევთ, რომ პანდემიისას, ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის ფონზე, ამგვარი ღონისძიებების განხორციელება ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო დონეზე არსებულ რეკომენდაციებს. 

მიგვაჩნია, აღნიშნული გადაწყვეტილება შინაარსობრივად აგრძელებს იმ რეპრესიულ ღონისძიებებს, რაც 2020 წლის შემდგომ, უსახლკარო ადამიანების მიერ თვითდახმარების მიზნით აგებული საცხოვრისების დემონტაჟებსა და ამ ადამიანების ფაქტობრივად გამოსახლებასა და უსახლკაროდ დატოვებაში გამოიხატა და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ნულოვან მგრძნობელობას, რაც მთავრობას საცხოვრისის საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ აქვს,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს უსახლკარო და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება და გაიაზროს საკუთარი ვალდებულებები აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ.

“მნიშვნელოვანია, რომ მან გაითვალისწინოს საერთაშორისო დონეზე გაცემული რეკომენდაციები და პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში და პანდემიის დასრულებიდან გონივრული ვადის შემდგომ დაიცვას ადამიანები გამოსახლებისგან.

?  მივმართავთ, საქართველოს მთავრობას და საქართველოს იუსტიციის სამინიტროს:

გააგრძელოს იძულებით გამოსახლებაზე მორატორიუმის რეჟიმი პანდემიისა და მისი დასრულებიდან გონივრული დროის განმავლობაში;

მიიღოს ღონისძიებები გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანების საჭიროებების იდენტიფიცირების, მათი რეალური მხარდაჭერისა და უსახლკარობის პრევენციის მიზნით.

?  მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

უმოკლეს ვადებში მოახდინოს გამოსახლების კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები